26 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
დაპირისპირების მორიგი რაუნდი "ნაციონალურ მოძრაობაში" - რატომ გახდა ლევან ბეჟაშვილი ნიკა მელიას თავდასხმის ობიექტი

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების მორიგი რაუნდი დაიწყო. პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ყოფილ თანაგუნდელებს სოციალურ ქსელში დღეს ორი პოსტი მიუძღვა. ნიკა მელიას კრიტიკის ობიექტი ჯერ ის 5 დეპუტატი გახდა, ვინც მწვანე ღილაკს ხელი დააჭირა და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. კიდევ ერთი საკითხი, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, ვიცე სპიკერის პოსტზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურის წარდგენაა. ნიკა მელიას თქმით, ბეჟაშვილის გადაწყვეტილება გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატულია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ "კურიერთან" ინტერვიუში თქვა, რომ ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია.

ყოფილი თავმჯდომარის კრიტიკამ, ბრალდებების ადრესატი გააღიზიანა. ჯერ განმარტების გაკეთება არ ისურვა, თუმცა შემდეგ მელიას საკუთარ განცხადებებზე დაფიქრება ურჩია.

შიდაპარტიულ დავაში ჩართვა არ სურს ხატია დეკანოიძეს. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ამბობს, რომ პარტიაში არსებული დაპირისპირება და გადაწყვეტილებები მისთვის საინტერესო აღარ არის.

ლევან ბეჟაშვილის ვიცე-სპიკერად წარდგენის საკითხზე კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობას". საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" მისი მხარდაჭერის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

ვიცე-სპიკერის პოსტზე დასამტკიცებლად მხოლოდ ოპოზიციის ხმები საკმარისი არ არის. ლევან ბეჟაშვილს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ავტორი: ანა ბუავა

 
დღის ამბები