მასშტაბური სპეცოპერაციები რუსთავსა და გარდაბანში - დაკავებულია 6 პირი, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით, ტერაქტების დაგეგმვაში ფიგურირებენ. ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონსპირაციულ ბინებში აიყვანა. კონტრტერორისტულმა ცენტრმა დაკავებულებისგან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ამოიღო - მათ შორის ელექტრონული ინფორმაცია, რომლითაც საერთაშორისო ტერორისტული დანაშაული იშიფრება. ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერებები - გამოძიებამ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა.
ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეები, ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან. ირკვევა, რომ ისინი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაკავებული თურქეთის მოქალაქის მოკავშირეები არიან.
ბრალდებულის ოჯახის წევრები "კურიერს" სახლში დახვდნენ, თუმცა საუბარი არ ისურვეს. მეზობლები ამბობენ, რომ ის ნაქირავებ ბინაში ერთი წელია ცხოვრობს.
კიდევ ერთი ლოკაცია, სადაც მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რუსთავში, შარტავას ქუჩაზე მდებარე კორპუსია. კონსპირაციულ ბინაში მამაკაცი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და მეზობლებს თითქმის არ ეკონტაქტებოდა.
სოფელ გაჩიანში, კონსპირაციულ ბინაში,ტერორიზმში მხილებული კიდევ ერთი მამაკაცი აიყვანეს.
ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის და ასაფეთქებელი და საბრძოლო მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შენახვაში ბრალდებული პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორში გადაიყვანეს. მათ ბრალი ოფიციალურად უკვე გააცნეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული 6-ვე პირი კავშირში იყო რამდენიმე დღის წინ დაკავებულ თურქეთის მოქალაქესთან, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება. ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერია და ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის იზოლატორში იმყოფება.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი ტერაქტების გეგმა გაშიფრა, ინფორმაცია პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებს მიაწოდა. ამერიკაში თეთრი სახლი, ევროპაში ნატო-ს შტაბ-ბინა - "კურიერის" ინფორმაციით, ეს ტერორისტების სამიზნე სტრატეგიული ობიექტების არასრული ჩამონათვალია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, თურქეთისთვის ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, დიარბაქირის 23 პროვინციაში მასშტაბური სპეცოპერაციები ჩატარდა და 72 პირი დააკავეს. გაშიფრული ტერორისტული გეგმის საქმეზე ძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. უკვე დაკავებულ 7 პირს კი, 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.