26 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
ისკო დასენის თქმით, ქოლ-ცენტრებთან მას და მის ოჯახს კავშირი არ აქვს -   "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვაშაძის ბრალდებებს პასუხობს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ოჯახის წევრების კავშირი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან ამჯერად უკვე პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან უარყო. ვაშაძე დღეს ამტკიცებდა, რომ 5 მაისს აღმაშენებლის გამზირზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ აღმოჩენილი ქოლ-ცენტრი მმართველი გუნდის წევრს ისკო დასენს ეკუთვნის. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ვაშაძემ პრესას, მისი თქმით, ქოლ-ცენტრთან კავშირში მყოფი გარკვეული პირების სქემაც წამოუდგინა.

ბრალდებებს საკანონმდებლო ორგანოშივე უპასუხა ისკო დასენმა და ვაშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. "ქართული ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ ქოლ-ცენტრებთან მასა და მის ოჯახს კავშირი არ აქვთ. ისკო დასენის ამტკიცებს, რომ იმ პირებს, რომელიც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ბრიფინგზე დაასახელა, არ იცნობს. პარლამენტარის თქმით, ვაშაძის მიერ დასახელებული პირებიდან ერთი საერთოდ არ არსებობს. მმართველი პარტიის წევრი დარწმუნებულია, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამ ფორმით ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში საკუთარი დანაშაულის დამალვას ცდილობს.

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ოპოზიცია ისევ მოითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას. საკითხი მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში შეტანილია და ოპოზიციური პარტიები განხილვას რეგლამენტის შესაბამისად მოითხოვენ.

"ქართული ოცნება" ოპოზიციას ურჩევს ე.წ. ქოლ-ცენტერების საქმეზე სამართალდამცავი ორგანოების საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას დაელოდოს. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ოპონენტებს კომისიის შექმნა მტკიცებულებების მოპოვებისა და საკუთარი დანაშაულის დაფარვისთვის სჭირდებათ.

ე.წ. ქოლ-ცენტრებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი გიორგი გახარიას პარტიაა. პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა ეს საკითხი პარლამენტში, მას მერე დააყენეს, რაც BBC-მ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო ფილმი გაასაჯაროვა.

 

 

დღის ამბები