წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებულ პარტია "ტრიბუნას" წევრს თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ლაშა არსენიძის პატიმრობის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო გახდა, სადაც ის საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ემუქრება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
პარტიის წევრი სასამართლო პროცესამდე სამართალდამცავ უწყებაში დაიბარეს. ქალაქის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდგომ, არსენიძეს პოზიცია არ შეუცვლია. როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, ეთნიკური სომხების მიმართ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში პრობლემას ვერ ხედავს. ფაქტს დღის ბოლოს გამოეხმაურა პარტია "ტრიბუნაც". განცხადებაში წერია, რომ პოლიტიკური მოძრაობა ემიჯნება ცალკეული წევრის მსგავს ქმედებას.