კიევი საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე მუშაობს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე დღეა ნატოს წევრ ქვეყნებში შეხვედრებს მართავს და პარტნიორებს იარაღს, მათ შორის, თვითმფრინავებს სთხოვს. დაიწყო იტალიით, გადავიდა გერმანიაში, შემდეგ საფრანგეთში და ბოლოს, დიდ ბრიტანეთში. ყველა ქვეყანაში უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო დახმარების პირობა მიიღო.
კიევში ზელენსკი ფრანგული, გერმანული, იტალიური და ბრიტანული შეიარაღებით ბრუნდება, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით და დამრტყმელი უპილოტოებით, რომელთა ფრენის სიშორე 200 კილომეტრია. უკრაინა წარმატებული კონტრიერიშისთვის იღებს ჯავშანტექნიკას, მათ შორის, ფრანგული, მსუბუქი ტანკების დამატებით პარტიას. ინგლისის პრემიერმა ზელენსკის იმის პირობაც მისცა, რომ უკრაინელ პილოტებს გადაამზადებს.
სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი არმიისთვის იარაღის სათხოვნელად დადის, უკრაინელი სამხედროები საოკუპაციო ძალებს აკავებენ. სიტუაცია კვლავ მძიმე ბახმუტში, სადაც წარმატებული იერიშის შედეგად უკრაინელებმა რამდენიმე კილომეტრით წინ წაწევა შეძლეს, თუმცა რუსული არმიის ნაწილებისგან ქალაქი ჯერ-ჯერობით ვერ გაათავისუფლეს. მძიმე ბრძოლები მიდის დონბასის სხვა დასახლებული პუნქტებისთვისაც, რომლებსაც მოსკოვი რაკეტებით ყოველდღიურად ურტყამს, თუმცა, შედეგს ვერ აღწევს.
რაც უფრო დიდი დანაკარგები აქვთ რუსებს, მით უფრო ფრთხილობს მისი ერთადერთი მოკავშირე ბელარუსი. 6 დღიანი გაუჩინარების შემდეგ ევროპის უკანასკნელი დიქტატორმა რომლის ჯანმრთელობაც შერყეულია, ჯარს მზადყოფნის მაღალ დონეზე გადასვლა უბრძანა. ლუკაშენკო მის საზღვრებთან ერთდროულად 4 რუსული ვერტმფრენისა და თვითმფრინავის ჩამოგდებამ შეაშინა.