26 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
სტრასბურგის საჩივრის პერსპექტივა - სააკაშვილის ადვოკატისა და დედის განსხვავებული პოზიციები

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დღეს სტრასბურგის გადაწყვეტილებასა და დაცვის მომავალ სტრატეგიაზე საუბარი აღარ ისურვა. გუშინ კი, "კურიერთან" ინტერვიუში თუთბერიძემ ევროსასამართლოდან საჩივრის გამოტანა არ გამორიცხა, მაგრამ დააკონკრეტა, რომ ექსპრეზიდენტთან ამ საკითხზე არ უსაუბრია. კლინიკა "ვივამედში" დღეს პატიმრის ერთადერთი სტუმარი დედა იყო. ადვოკატისგან განსხვავებით გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავის შეწყვეტას არ გეგმავს.

განსხვავებულია შოთა თუთბერიძისა და გიული ალასანიას პოზიცია სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებითაც. ექსპრეზიდენტის დედის მტკიცებით, მას თავად აქვს წაკითხული უცხოელი სპეციალისტების დასკვნა, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია. 300 გვერდიან დოკუმენტში მსგავსი ფორმულირების ჩანაწერი ვერ ნახეს პატიმრის უფლებადამცველებმა.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილის გარემოცვა ჩიხში შევიდა. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ევროსასამართლოს უარმა ექსპრეზიდენტის გეგმა და რეალობა გამოაშკარავდა.

ოპოზიცია ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. ისინი ამბობენ, რომ სააკაშვილის საქმეზე სპეკულაციებს, სტრასბურგის ვერდიქტი საბოლოოდ დაასრულებს.

სტრასბურგის გადაწყვეტილებამ, მმართველი გუნდის შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით წარმოებული ლობისტური კამპანიის სიცრუე დაადასტურა. საპარლამენტო უმრავლესობა განმარტებებს ახლა საერთაშორისო რეზოლუციების ავტორებისგანაც ელოდება, ვინც ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობდა და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს, დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი 10 მაისს უთხრა.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები