26 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
იძულებითი მათხოვრობა თბილისის ქუჩებში - ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი დედა და ერთი ბებია დააკავეს

ყვირილი, ცემა და მუქარა - ძველ თბილისში მდებარე კვების ობიექტებთან მშობლები ბავშვებს მათხოვრობას და ყვავილების გაყიდვას ამ მეთოდებით აიძულებდნენ. დაკავებულია მოზარდების 3 მშობელი და ერთი ბებია, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, წლების განმავლობაში არასრულწლოვანების მეშვეობით ვაჭრობდნენ.

მათი სამიზნე ძირითადად ტურისტებით დატვირთული რესტორნები იყო. ირკვევა, რომ მშობლებს მცირეწლოვნები ადგილზე ღამის 12 საათის შემდეგ გაჰყავდათ. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ბრალდებულები რამდენიმე მეტრში დაჰყვებოდნენ და აკონტროლებდნენ, შეგროვებულ თანხას კი ითვისებდნენ.

"კურიერმა" 4 დაკავებულიდან ერთ-ერთი მშობლის ჩვენება მოიპოვა, რომელიც 2 არასრულწლოვან შვილს ვაჭრობას აიძულებდა. ქალი დეტალურად აღწერს, როგორ აიძულებდა საკუთარ დედასთან ერთად ბავშვებს თანხის შეგროვებას 2 წლის განმავლობაში. ამის გამო, ბრალდებულის სკამზე მოზარდების ბებიაც აღმოჩნდა.

ბრალდებული ჩვენებაში წერს იმასაც, რომ არასრულწლოვანი შვილების მეშვეობით მასთან ერთად დაკავებული სხვა ქალებიც ვაჭრობდნენ, რომლებსაც წლებია იცნობს. ეს აღიარება ბრალდებულმა სასამართლოში დუმილით შეცვალა. დუმილის უფლებას ირჩევს ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ოთხივე პირი. პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ერთ-ერთი დაკავებული, რომელსაც საკუთარი შვილის მეშვეობით ვაჭრობას ედავებიან, წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი 23 წლის ქალია.

ბრალდებულები უარყოფენ, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ბავშვებზე ძალადობის ფაქტები ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ჩანაწერები გამოძიებამ უკვე ამოიღო. დაზარალებულად ცნობილია 6 არასრულწლოვანი. ტრეფიკინგის მსხვერპლი ძირითადად 4, 5 და 6 წლის ბავშვები არიან. ისინი სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანეს. როგორც "კურიერს" ზრუნვის სააგენტოში განუმარტეს, არასრულწლოვანებს ყველა შესაბამისი სერვისი მიეწოდებათ.

დაკავებული 3 დედის და ერთი ბებიის საქმის არსებით განხილვას სასამართლო 26 ივნისს დაიწყებს. ტრეფიკინგში ბრალდებულებს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები