26 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ფრენების აღდგენა რუსეთ-საქართველოს შორის - როგორია აშშ-ის ელჩის შეფასება პუტინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩი, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ფრენების აკრძალვის მოხსნასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, დამაფიქრებელს უწოდებს. კელი დეგნანმა დღეს თქვა, რომ პუტინი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს, კონკრეტული მიზნების გარეშე არავის ასაჩუქრებს, შესაბამისად, მისი აზრით, ქვეყანას ახალი უსაფრთხოების გამოწვევები უჩნდება. დიპლომატმა 2019 წელს დაწესებული აკრძალვის შემდგომ შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას იზიარებს.

სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელს, მალევე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან უპასუხეს. ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ფრენებთან დაკავშირებით საქართველო ყველაზე კონსერვატიული მიდგომით იხელმძღვანელებს, რაც ნებისმიერი სანქცირებული კომპანიის ქვეყნის საჰაერო სივრცეში ოპერირებას გამორიცხავს. ლევან დავითაშვილმა დღეს ისიც თქვა, რომ მთავრობას ყოველდღიური კონსულტაციები შტატების ვაჭრობის სამინისტროსთანაც აქვს, რომელიც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ერთ-ერთი მთავარი მოდერატორია.

"შეერთებული შტატების ელჩის განცხადება ადასტურებს, რომ დასავლეთი საქართველოს განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება" - ასეთია ოპოზიციის მოსაზრება. ხელისუფლების ოპონენტები ფრენების აღდგენის შემდეგ, ქართული კომპანიების დასანქცირების რისკებზე საუბრობენ. ნაწილი, ვიზებისა და ფრენების საკითხის გასაპროტესტებლად არც ქუჩაში გამოსვლას გამორიცხავს.

მმართველი გუნდი, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის განახლების საკითხის პოზიტიურ ეკონომიკურ გავლენაზე აკეთებს აქცენტს.

საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს რუსეთში მცხოვრები ასიათასობით ქართველი და მათთვის არსებული დაბრკოლებებიც გაიხსენეს. პარტნიორებს დასავლეთში კი უთხრეს, რომ ოკუპანტის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, ევროკავშირისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მორიგ სიგნალად უნდა იქცეს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ფრენებზე აკრძალვა დღეიდან მოიხსნა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით 17 მაისიდან ფრენებს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით არასანქცირებული "აზიმუტ ეარლაინსი" კვირაში 7-ჯერ შეასრულებს. უწყებაში განმარტავენ იმასაც, რომ საქართველოში ფრენის უფლება არცერთ სანქცირებულ ბიზნეს ოპერატორს არ ექნება.

დღის ამბები