26 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება - დასრულდება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობა

წინასწარი ზეიმი პარტიების შტაბებთან, მსვლელობები და ქუჩაში მდგომი ხალხი, რომელიც შედეგების მოლოდინში წუთიერი ინტერვალებით ამოწმებდა ონლაინ მონაცემების განახლებას - ასე შეხვდა თურქეთის მოსახლეობა არჩევნების პირველი ტურის დასრულებას. დამღლელი წინასაარჩევნო მარათონის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ შედეგი, ერთი ან მეორე კანდიდატის გამარჯვებით, პირველივე ტურში დადგებოდა, თუმცა საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში ცხადი გახდა, რომ მეორე ტური გარდაუვალია.

დამატებითი დრო ფიქრისთვის ამომრჩეველს და დამატებითი დრო კანდიდატებს დასარწმუნებლად - 2 კვირაში უკვე დანამდვილებით გაირკვევა, ვინ ჩაიბარებს თურქეთის პრეზიდენტის პოსტს მომდევნო 5 წლით - რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელმაც ცენტრალიზებული, სუპერსაპრეზიდენტო მმართველობა თავადვე შექმნა, თუ ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელიც საპარლამენტო მმართველობის დაბრუნების, დეცენტრალიზაციისა და საზოგადოების გაერთიანების პირობას დებს.

ვინ დარჩება ამ ორიდან გამარჯვებული, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება მესამე კანდიდატზე, რომელმაც ფავორიტებს პირველ ტურში ხმები წაართვა, მეორეში კი პირიქით, შესაძლოა არჩევნების ბედი სწორედ იმან გადაწყვიტოს, თუ ვის მისცემს ხმას თავად და მისი ელექტორატი, რომელიც 5%-ზე მეტია. ნაციონალისტური იდეოლოგიის მქონე პარტიის ლიდერი სინან ოგანი, ამ ეტაპზე, კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

ის, რაც ამ ეტაპზე დანამდვილებით არის გარკვეული, საპარლამენტო არჩევნების შედეგებია. 600 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა 266 მანდატით ერდოღანის "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიამ მოიპოვა. 168 დეპუტატი ეყოლება ქილიჩდაროღლუს რესპუბლიკურ სახალხო პარტიას. დანარჩენ მანდატებს სხვა პოლიტიკური პარტიები გაიყოფენ, რომლებმაც 7 პროცენტიანი ბარიერი გადალახეს.

ხვალიდან 28 მაისამდე საპრეზიდენტო მარათონი ახალი ტემპით განახლდება. კანდიდატები შეეცდებიან, მთელი თურქეთის მოსახლეობა და საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეები დაარწმუნონ, ვის აქვს უკეთესი ხედვა და რომელი სისტემა უზრუნველყოფს ინფლაციის, ეკონომიკის ვარდნის და მიწისძვრით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას ისე, რომ თურქეთმა რეგიონში თუ მსოფლიო მასშტაბით ლიდერი და გავლენიანი ქვეყნის სტატუსი გაიმყაროს.

დღის ამბები