26 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
დავასახელებთ კონკრეტულ სახელებს და გვარებს, თუ ვინ დგას რეალურად ვინმე მიხეილ არახამიას უკან - გიორგი ვაშაძე

ვინ იდგა იმიტირებული "ქოლცენტრების" უკან - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ხვალინდელ სხდომაზე აანონსებს. გიორგი ვაშაძის თქმით, ფაქტებით წარდგება. ამასთან, მან ოპოზიციას მოუწოდა, სრულად მობილიზდეს "ქოლცენტრებთან" დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიის კენჭისყრაზე.

"მიუხედავად იმისა, შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია, ჩვენ ხვალ გავასაჯაროებთ სრულიად ახალ ფაქტებს, სადაც საზოგადოება რეალურად დაინახავს, თუ ვინ იდგა იმიტირებული ქოლცენტრების უკან, რომლითაც უნდოდათ ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენება; კონკრეტულ სახელებს და გვარებს, თუ ვინ დგას რეალურად ვინმე მიხეილ არახამიას უკან, თუ ვინ დაგეგმა სპეცოპერაცია ჩვენს წინააღმდეგ, რომ შეებღალათ ჩვენი სახელი," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მმართველ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართულები იყვნენ ის პირები, რომელთაც, გამოძიების ინფორმაციით, საქმესთან კავშირი შეიძლება ჰქონდეთ.

"ეს არის სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია და უფლება აქვს გამოიძახოს ნებისმიერი ადამიანი, არათუ ნებისმიერ ადამიანს, თანამდებობის პირს მოსთხოვოს ინფორმაცია, არამედ ინფორმაციის მოუწოდებლებისათვის სასჯელი მოითხოვოს. ეს არის კომისია და როდესაც კომისიის შემადგენლობა ყალიბდება იმ ადამიანებით, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩართულები არიან იმ პროცესში, რაზედაც ილაპარაკა გამოძიებამ, მათ შორის, ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომელმაც ოფიციალური წყაროებიდან მიიღო ინფორმაცია კეზერაშვილთან დაკავშირებით, არ შეიძლება ამ კომისიაში მის გარშემო შეკრებილი ადამიანები მონაწილეობდნენ," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები