26 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
რამდენიმე წუთში თურქეთში საარჩევნო უბნები დაიხურება

რამდენიმე წუთში თურქეთში საარჩევნო უბნები დაიხურება - ქვეყანა პრეზიდენტს და პარლამენტს ირჩევს.

როგორც ცნობილია, პირველ რიგში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაითვლება. გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, რომელსაც 50%-ზე მეტი ხმა ექნება მიღებული. თუ ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, მეორე ტური დაინიშნება, რომელიც სავარაუდოდ 28 მაისს ჩატარდება.

არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო საბჭო გაავრცელებს, ეგზიტპოლებს კანონმდებლობა კრძალავს.

წინასწარი შედეგები ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე გახდება ცნობილი.

ადგილობრივებს მოქმედი მთავრობის შეცვლის იმედი აქვთ.

"ჩვენ არ მოგვწონს ეს მთავრობა, განსაკუთრებით მოქმედი პრეზიდენტი. როცა ეს მიწისძვრა მოხდა, ხალხი სასიკვდილოდ დატოვეს. 4 დღის განმავლობაში არავინ მოსულა დასახმარებლად," - აცხადებს ადგილობრივი ოზგურ კაიაბოლენი.

როგორც დამკვირვებელი იან პიტერსენი აცხადებს, სადამკვირვებლო ჯგუფები არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს აკვირდებიან. სადამკვირვებლო ჯგუფი კონფერენციას ხვალ გამართავს, სადაც წინასწარ დასკვნებზე ისაუბრებენ.

"უკვე 6 კვირაა ამ ქვეყანაში ვართ და ვაკვირდებით ყველა მნიშვნელოვან საკითხს არჩევნებამდე, როგორიცაა ადმინისტრაცია, საკანონმდებლო ბაზა, დაფინანსება, კამპანია, მედიის მდგომარეობა. მოკლედ ყველაფერს, რაც ეხება არჩევნებს.

გვყავს ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც აკვირდებიან კენჭისყრას, საარჩევნო პროცედურებს, ვაგროვებთ ინფორმაციას ყველა ჩვენი დამკვირვებლისგან.

ხვალ გვექნება პრესკონფერენცია, სადაც გავაკეთებთ წინასწარ განცხადებას ჩვენი დასკვნების შესახებ. რეალურად მთელ პროცესს დილიდან ღამემდე ვაკვირდებით," - აცხადებს იან პიტერსონი.

დღის ამბები