შიდა დაპირისპირებაა "ნაციონალური მოძრაობის" წალენჯიხის რეგიონალურ ორგანიზაციაში - ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ხარჩილავამ საბავშვო ბაღების თანამშრომლები "ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიულ არჩევნებში ჩართო და ლევან ხაბეიშვილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, საბავშვო ბაღების გაერთიანების ახალი დირექტორის, მამუკა ქარდავას მხარდაჭერას აიძულებს.
პარტიული ხასიათის შეხვედრები, სადაც დელეგატთა ელექტრონული რეგისტრაცია და ქარდავას მხარდასაჭერად აგიტაციები მიმდინარეობდა, დღეს წალენჯიხის ბაღებში ჩატარდა.
ერთ-ერთი ასეთი პირველი შეხვედრა ობუჯის საბავშვო ბაღში გაიმართა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მსგავსი შეხვედრები კანონის შესაბამისად იკრძალება. დღესვე, საბავშვო ბაღის პედაგოგები გააფრთხილეს, თუ ვინმე ამ თემაზე მედიასთან ილაპარაკებს სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ბრალდებას უარყოფს მამუკა ქარდავა.