დასრულდება თუ არა რეჯეფ ტაიპ ერდოღანის 20-წლიანი ერთპიროვნული მმართველობა, -ამას თურქეთის 85 მილიონიანი ამომრჩეველი ორ დღეში გადაწყვეტს. 14 მაისს თურქმა ხალხმა არამხოლოდ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი, არამედ თურქეთის ახალი საშინაო და საგარეო კურსიც უნდა განსაზღვროს. არჩევნებამდე სამი დღით ადრე, საკუთარი კანდიდატურა ოპოზიციის სასარგებლოდ მოხსნა მუჰარემ ინჯემ.
ერდოღანის ყველაზე რეალური მოწინააღმდეგე ახლა 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუა, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად ერთდროულად ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა, თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვება მოსკოვს არ აწყობს. ქემალ ქილიჩდაროღლუმ რუსეთი თურქეთის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. კანდიდატის თქმით, მოსკოვი არჩევნებში გაყალბებული ვიდეოებისა და მასალების შეთხზვით ერევა.
ქემალ ქილიჩდაროღლუ, ბოლო გამოკითხვების თანახმად, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს 6 პროცენტით უსწრებს, თუმცა, სოციოლოგები ვარაუდობენ, რომ 50 პროცენტიან ბარიერს პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ გადალახავს და თურქეთს მეორე ტური ელის.
მოქმედი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს გამარჯვებისთვის - ერდოღანი ცოტა ხნის წინ მორიგ სკანდალში გაეხვა, რადგან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საჯარო მოხელეებს ხელფასი 45 პროცენტით გაუზარდა. ამას გარდა, თურქეთის უცვლელ მმართველს ადანაშაულებენ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში, რომელმაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია.
ერდოღანს აკრიტიკებენ მასშტაბური მიწისძვრის დროს კრიზისის არასწორ მართვაშიც. მისი მოწინააღმდეგე ქილიჩდაროღლუ კი დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. მისი საპრეზიდენტო კამპანია, ერდოღანისგან განსხვავებით, სიტყვის თავისუფლებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზეა აგებული. თუმცა, მთავარი თურქეთის მოქმედი კონსტიტუციის ცვლილებაა, რომელიც ქვეყანას ისევ საპარლამენტო მმართველობას დაუბრუნებს.