26 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
რუსეთი უკან იხევს - უკრაინულმა არმიამ ქალაქ ბახმუტსა და მის შემოგარენში 2 კილომეტრით წინ წაწევა შეძლო

უკრაინელი სამხედროები ბახმუტზე შეტევის მასშტაბებს და ინტენსივობას ზრდიან. ბოლო 24 საათში, ოკუპანტებმა 2 კილომეტრით უკან დაიხიეს. ოფიციალური კიევის ცნობით, შეტევის შედეგად განადგურებულია აგრესორის მძიმე ტექნიკა, ლიკვიდირებულია ასობით რუსი ჯარისკაცი.

ბახმუტში არსებულ, რუსეთისთვის მძიმე მდგომარეობაზე უკვე თითქმის ერთი კვირაა "ვაგნერის" დაქირავებულ მებრძოლთა ლიდერი საუბრობს. ევგენი პრიგოჟინი თავდაცვის მინისტრს ცინიკურ წერილს უგზავნის და მისი თქმით, არაერთ ბრძოლაში გამოცდილ სერგეი შოიგუს ცხელ წერტილში სიტუაციის შესაფასებლად იწვევს.

მძიმე მდგომარეობაშია საოკუპაციო ძალა მარიინკასა და ავდიივკაშიც. CNN-ის ინფორმაციით, ეს უკრაინელი ჯარისკაცების მხრიდან მასშტაბური კონტრიერიშის დაწყებამდე ერთგვარი ბოლო მოსამზადებელი ეტაპია. კიევში ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა დეტალი მკაცრად გასაიდუმლოებულია.

სიტუაცია, ამ ეტაპზე, რუსული არმიის და შეიარაღების გამოფიტვას ითხოვს - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოწინააღმდეგეს მარაგების შევსების საშუალება არ უნდა ჰქონდეს.

წარმატების კიდევ ერთი კომპონენტი დასავლეთის ურყევი მხარდაჭერაა, რაც უკრაინის საბრძოლო მასალით, ტექნიკით და შორი მანძილის რაკეტებით მომარაგებას გულისხმობს. დასავლელი ლიდერები ერთხმად აღნიშნავენ, რომ კიევს არსენალში ტერიტორიების დეოკუპაციისთვის საჭირო შეიარაღება საკმარისად აქვს.

დღის ამბები