26 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან - ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან თითქმის 6 მილიარდი ევროთი გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2.3 მეათედი პროცენტით, თითქმის 6 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 258 მილიარდ ევროს გადააჭარბა. ეს მაჩვენებლები რუსეთ საქართველოს სავაჭრო ბრუნვაზე 110 ჯერ მეტია. უფრო კონკრეტულად ევროკავშირი რუსეთთან 4 დღის განმავლობაში საშუალოდ იმაზე მეტს ვაჭრობს , ვიდრე საქართველო მთელი წლის განმავლობაში. ციფრებით დადასტურებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ 0.3 მეათედ პროცენტია, ევროკავშირის 32, ჩინეთის - 22 -ი, თურქეთის - 8 , ამერიკის კი 2. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების და სანქციების დაწესების მიუხედავად, 2022 წელს რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტი 24 პროცენტით გაიზარდა და 203 მილიარდ ევროს აღემატება.

ამ პერიოდში რუსეთიდან იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება უნგრეთში, საბერძნეთში, ბელგიაში, ავსტრიაში, ბულგარეთსა და სლოვენიაში. 2010-2022 წლებში ევროკავშირმა რუსეთისგან იყიდა ორნახევარი ტრილიონი დოლარის პროდუქცია, საქართველომ კი მხოლოდ 10 მილიარდის, რაც 251-ჯერ ნაკლებია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის გადახდილ თანხაზე.

ეკონომიკის ექსპერტების გათვლებით, 448-ჯერ აღემატება ევროკავშირის მიერ 2022 წელს რუსეთისთვის გაზის იმპორტში გადახდილი თანხის მოცულობა საქართველოს დახარჯულ თანხას. ევროკავშირი რუსეთს საშუალოდ დღეზე ნაკლებ პერიოდში უხდიდა იმდენს, რასაც ჩვენი ქვეყანა მთელი წლის განმავლობაში. მაღალია უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტით მიღებული შემოსავლებიც. 2023 წლის მარტის მონაცემებით უკრაინის გავლით რუსეთი ევროკავშირს საშუალოდ დღიურად 35 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. ამ ტრანზიტით 2022 წელს უკრაინამ წლიურად 570 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, მაშინ, როცა ამ პერიოდში საქართველოს მიერ რუსეთისთვის გაზის იმპორტში გადახდილი თანხა მხოლოდ 112 მილიონ დოლარს შეადგენდა.

არ შეწყვეტილა არც შტატებისა და რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობა. რუსეთიდან ამერიკაში იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება მარტო 2022 წელს 15 მილიარდი დოლარი იყო. ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში რუსეთში ამერიკული პროდუქტის ექსპორტზე მეტი იმპორტი დაფიქსირდა. სხვაობამ 526 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. 2022 წელს ომის მიუხედავად სანქტ-პეტერბურგიდან - ამერიკის შეერთებული შტატების პორტებში მაინც შედიოდა სანქცირებული რუსული ნავთობი და გაზი ვიდრე კომპანიებმა კონტრაქტები არ ამოწურეს. სამხედრო ინტერვენციის პარალელურად გარკვეული პროდუქციით ვაჭრობა, განსაკუთრებით ალუმინით, ამერიკასა და რუსეთს შორის პრაქტიკულად შეუფერხებლად გაგრძელდა. "ესოშიეთიდ პრესმა" მარტო მიმდინარე წელს 264 მილიონ ტონაზე მეტი ლითონის გადაზიდვის ფაქტი აღმოაჩინა.

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთ-ამერიკის და რუსეთ -ევროკავშირის დღევანდელი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები მიუთითებს, რომ ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ანალიტიკოსები აცხადებენ რომ სავაჭრო სანქციებთან შეერთების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა მატების ნაცვლად შემცირდებოდა, ინფლაციის მაჩვენებელი კი გაიზრდებოდა.

ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, ევროკავშირს მნიშვნელოვანი პროდუქციის იმპორტსა და ექსპორტზე შეზღუდვა არ დაუწესებია. ვაჭრობის მიმართულებით კი ციფრები ამ დრომდე მზარდია.

დღის ამბები