26 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
ვაშინგტონის გაფრთხილება თბილისს - კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს მოემსახურებიან, შესაძლოა შავ სიაში მოხვდნენ

რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენების აღდგენას აშშ აქტიურად დააკვირდება. ვაშინგტონის ოფიციალურ პოზიციაზე სახელმწიფო დეპარტამენტში ისაუბრეს. შესაძლო სანქციებზე აქცენტი დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ გააკეთა. ვედანტ პატელის განცხადებით, თუკი კომპანიები სანქცირებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან, შესაძლოა, ისინი სანქციების რისკის ქვეშ დადგნენ.

საქართველო საერთაშორისო სანქციების ერთგული რჩება ,- ასე პასუხობენ სტრატეგიულ პარტნიორს "ქართულ ოცნებაში". მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მეგობარ სახელმწიფოებს წინასწარი შეშფოთების საფუძველი არ აქვთ, რადგან უკვე გაკეთდა განცხადება მთავრობის მხრიდან, რომ სანქცირებული თვითმფრინავები რეისებს ვერ შეასრულებენ.

ითქვა ისიც, რომ თუ მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელის შემშლელი გახდება და ევროკავშირი ამას მორიგი უარისთვის გამოიყენებს უსამართლო გადაწყვეტილება იქნება.

სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან შესაძლო სანქციებზე საუბარიც კი ოპოზიციისთვის მძიმე გზავნილია. ამბობენ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ყოფილი ხელისუფლების კრიტიკა მოქმედი მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაში ხელისუფლებისთვის მთავარი ჰუმანიტარული ნაწილია. მთავრობის წევრები ყურადღებას წინა ხელისუფლების დროს გადადგმულ ნაბიჯებზე აკეთებენ და ამბობენ, რომ "ქართული ოცნებაა" ის ძალა, რომელიც წინა პლანზე ქვეყნის ინტერესებს აყენებს.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება მოსკოვმა 3 დღის წინ მიიღო. რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა ვლადიმერ პუტინს 2019 წლიდან ჰქონდა აკრძალული, ახლა კი საკუთარი პოზიციის შეცვლა ისევ ცალმხრივად მოუწია. ამ დრომდე, სულ მცირე, შვიდმა რუსულმა ავიაკომპანიამ გამოთქვა სურვილი, საქართველოში პირდაპირი ფრენები განახორციელოს.

დღის ამბები