26 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
ნებისმიერი სიტყვა იმის შესახებ, თითქოსდა სააკაშვილთან ექიმებს არ უშვებენ, ტყუილია, მათ არ წარმოუდგენიათ შესაბამისი განცხადება - რატი ბრეგაძე

სტრასბურგმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი უთხრა. ევროპულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა ვერ დაინახა. ამის შესახებ ბრიფინგი იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. როგორც რატი ბრეგაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები დაცულია და მას მიეწოდება ყველა სამედიცინო სერვისი, რაც სჭირდება.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ტყუილია ის ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილთან სამკურნალოდ უცხოელ ექიმებს არ უშვებენ. მისი ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს არ წარმოუდგენია განცხადება შესაბამისი ფორმით, რაც გულისხმობს უცხოელი ექიმების მხრიდან შესაბამისი ლიცენზიის წარმოდგენას.

"რაც შეეხება პოლონელ ექიმებს - ამასთან დაკავშირებითაც გეტყვით და ამაზე ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. გასული წლის, თუ არ ვცდები, 29 ნოემბერს გავაკეთე განცხადება და მიხეილ სააკაშვილს შევთავაზეთ ჩამოეყვანა მისთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. მათ ამ უფლებით არ უსარგებლიათ. მოგვმართეს შემდგომში ისეთი განცხადებით, რომელიც არ იყო შესაბამისი ფორმით დაწერილი და რას ვგულისხმობ - იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან შევიდეს პოლონელი თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ექიმი, მას სჭირდება ნებართვა ჩვენგან. იმისთვის, რომ ჩვენ გავცეთ ნებართვა, როდესაც მსჯავრდადებული უშუალოდ მოგვმართავს, რომ მასთან შევიდეს ესა თუ ის ექიმი და მონაწილეობა მიიღოს მის მკურნალობაში, დადასტურებული უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ექიმია და მას სჭირდება შესაბამისი ლიცენზია.

ჩვენ მრავალი თვეა ვეუბნებით, რომ წარმოადგინონ, წერილობითაც მივმართეთ ქალბატონ გიული ალასანიას, ჩვენი წარმომადგენელი ტელეფონითაც ესაუბრა, ორჯერ იყო ეს კომუნიკაცია, მაგრამ მათ დღემდე არ წარმოუდგენიათ შესაბამისი ფორმით განცხადება. ჩვენ ვთქვით, რომ როდესაც წარმოადგენენ, ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში განვიხილავთ ამ განცხადებას. ანუ, მათ არ მოუთხოვიათ შესაბამისი ფორმით, შესაბამისად, ნებისმიერი სიტყვა იმის შესახებ, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილთან ვინმეს არ უშვებენ, არის წმინდა წყლის ტყუილი, ისევე, როგორც მთელი ეს მიმდინარე კამპანია, რომელიც, როგორც კარგად მოგეხსენებათ, გამოქვეყნებული იყო ამის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ამერიკაშიც, რომ მილიონ დოლარზე მეტით იყო დაფინანსებული.

პასუხისმგებელი მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე არიან ის ადამიანები, რომლებიც მას აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინებს, რომ თითქოსდა, ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით ის მოიპოვებს თავისუფლებას. კიდევ ერთხელ, ჰუმანური მიზნებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ როგორც მსჯავრდადებულ სააკაშვილს, ასევე მის გარემოცვას, რომ მაქსიმალურად იზრუნონ იმაზე, რომ ეს ადამიანი დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს და, ასევე, მიაწოდონ ის საკვები იმ კალორაჟით, რასაც მათ ეუბნებიან ექიმები. არც საკვებს აწვდიან, იმ კალორაჟით, რასაც ექიმები ეუბნებიან და არც ექიმების გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან და სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს,"- განაცხადა რატიო ბრეგაძემ.

ავტორი:ანა ბუავა

დღის ამბები