იმ პირობებში, როდესაც ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებისკენ მოუწოდებენ, ევროპის ქვეყნები და ამერიკული კომპანიები რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას აგრძელებენ. "ომის საერთაშორისო სპონსორები" - სწორედ ამ სახელწოდების ქვეშ ჰყავს უკრაინას მონაცემთა ბაზაში შეყვანილი 10-ზე მეტი ევროპული და ამერიკული კომპანია.
რუსული ნავთობი, სანქციების მიუხედავად, გზას მთელ მსოფლიოში პოულობს. "სიენენის" ინფორმაციით, რუსული ნედლეულით დატვირთული ტანკერები საკუთარ პროდუქციას ევროპას შეცვლილი მარშრუტებით აწვდის . როგორც ირკვევა, ოპერირების გასაგრძელებლად, მსოფლიოს მეორე უმსხვილესმა ექსპორტიორმა -რუსეთმა, მრავალწლიანი სავაჭრო სქემები შეცვალა და პროდუქციის გაყიდვა მესამე ქვეყნების გავლით დაიწყო. მხოლოდ გასულ წელს რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 300 მილიარდ დოლარს მიაღწია.
სულ ცოტა ხნის წინ ესპანური ნავთობკომპანიის "რეპსოლის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ევროკავშირი რუსული დიზელის მოხმარებაში დაადანაშაულა . მისი განცხადებით ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რუსული ნედლეულის ბლოკში იმპორტი მესამე ქვეყნების გავლით.
დამოუკიდებელი ფინური კვლევითი ორგანიზაციის, "ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის"" მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსული ნედლეულის იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირის 5 ქვეყანაში დაფიქსირდა, ესენია - სლოვაკეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, უნგრეთი და ავსტრია. ავსტრია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც, ევროკავშირის კრიტიკის მიუხედავად, ბუნებრივი აირის 70 პროცენტს რუსეთიდან იღებს.
ბრალდებები ისმის ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობ კომპანია ,,შელისა"" და ყველაზე დიდი დამოუკიდებელი შვეიცარიულ-ჰოლანდიური ენერგო კომპანია ,,ვიტოლის"" მიმართ. უკრაინის პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი, ენერგეტიკულ კომპანიებს რუსული ომის მანქანის დაფინანსებაში ადანაშაულებს. ოლეგ უსტენკო კომპანიებს მოუწოდებს, შეაჩერონ „რუსული წარმოშობის ნავთობპროდუქტებით" ვაჭრობა. გამოცემა "გარდიანის" ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიებს რუსული ნავთობ-პროდუქტები ევროპაში თურქეთის გავლით შეაქვთ.
"ბიბისის" ინფორმაციით, 2022 წელს რუსეთიდან ინდოეთში ნავთობის იმპორტი ათჯერ გაიზარდა. თუ 2021 წელს ეს მონაცემები 2 პროცენტს შეადგენდა , ახლა ეს მაჩვენებელი 20%-ს აღწევს. აშშ-სა და ევროპის ზეწოლის მიუხედავად, ინდოეთმა უარი თქვა დასავლეთის სანქციებს შეერთებოდა. ნედლი ნავთობის მოსკოვიდან შესყიდვებით კი, აზიის სიდიდით მესამე ეკონომიკამ, დაახლოებით, 5 მილიარდი დოლარი დაზოგა. როგორც ირკვევა, ინდოეთი რუსეთისგან ნავთობს იაფად ყიდულობს, ამუშავებს და პროდუქტს ევროპისა და აშშ-ის ბაზარზე ყიდის. ინდოეთი რუსეთისთვის მხოლოდ ნავთობის გასაღების ბაზარი არ არის. რუსეთი, რომელიც ბრილიანტის წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, საკუთარ პროდუქციას ინდოეთში გზავნის, რის შემდეგაც ძვირფასი თვლები ევროპასა და ამერიკაში უკვე ინდური წარმოების სახელით შედის .
უკრაინის სამთავრობო გვერდის, სანქციების მონაცემთა ბაზაში განთავსებულია ინფორმაცია , რომლის მიხედვითაც ირკვევა ის უცხოური კომპანიები და ქვეყნები რომლებიც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, მოსკოვთან თანამშრომლობას განაგრძობენ. ყველაზე მსხვილი სავაჭრო ურთიერთობების სიაშია : საბერძნეთი, ჩინეთი , საფრანგეთი , ამერიკის შეერთებული შტატები და იტალია. ცნობილი კომპანიები კი : "ივ როშე", "პროქტერ ენდ გემბელი", "ბონდუელი", "მონდი", "დელტა ტანკერსი".