26 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
კვირაში 7 რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით - რას ამბობენ მოქალაქეები პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ

თბილისი-მოსკოვი-თბილისი - კვირაში 7 დღე, ანუ ყოველ დღე ერთი რეისი, ჯერ არ არის გარკვეული, საერთაშორისო სანქციების პირობებში ფრენის რა მექანიზმები არსებობს, თუმცა "საქართველოს ავიახაზები" უკვე აცხადებს, რომ ის რუსეთის მიმართულებით იფრენს. 

ქართული ავიაკომპანიისთვის მთავარი არგუმენტი რეგიონების სხვა ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი. საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტოში პირდაპირი ფრენის მოთხოვნით ჯერ არცერთი განცხადება არ არის შესული, არც ქართული და არც რუსული ავიაკომპანიების მხრიდან, თუმცა ზეპირი სურვილები უკვე დაფიქსირებულია. მსურველი რომ ბევრი იქნება რუსეთის საკონსულოსთან არსებული გრძელი რიგებიც მეტყველებს.

15 მაისიდან ეს რიგები აღარ იქნება, თუმცა რუსეთში წასვლის მსურველებს ტრანზიტული ფრენა ჯერ კიდევ დიდხანს მოუწევთ.

 "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებლის განმარტებით, საბოლოო განრიგზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს. თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე დადებითად აისახება.

საქართველოსთან ფრენები რუსეთმა 2019 წლის ზაფხულში - 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ შეაჩერა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვიდან თბილისში, კვირაში 7 პირდაპირი რეისი განხორციელდება. მოქალაქეები, რომლებიც აქამდე შვეიცარიის საელჩოს გავლით ახერხებდნენ რუსეთში ჩასვლას, დღეს "კურიერთან" ჰყვებიან, რომ ახლობლებთან მოსახვედრად მესამე ქვეყნის გავლა და შესაბამისად, გაორმაგებული ხარჯები აღარ დასჭირდებათ.

"ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში, საქართველოში სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები ვერ შესრულდება" - ასეთია მთავრობის პოზიცია. დღეს ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ერთგული რჩება.

10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

დღის ამბები