26 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს - რა პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა პუტინის გადაწყვეტილებას თბილისში

პირველად, ბოლო 23 წლის განმავლობაში, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. სწორედ 23 წელია, რაც ვლადიმერ პუტინი ფედერაციის სათავეშია, თუმცა რუსეთის საზღვარი საქართველოს მოქალაქეებისათვის მხოლოდ ახლა - უკრაინასთან ომის პირობებში გახსნა.

რას ემსახურება განკარგულება ნომერი 335? პოზიციები გაიყო - ნაწილისთვის ეს საჩუქარია, ნაწილისთვის კი, სწორ დროს დაგებული პუტინის მორიგი ხაფანგი, რომელმაც კანდიდატობის მოლოდინში საქართველოს ევროპაში ახალი პრობლემები უნდა შეუქმნას.

პრემიერ-მინისტრმა ვრცლად და დეტალურად განმარტა, თუ რას ნიშნავს მოსკოვის გადაწყვეტილება საქართველოსთვის და პირველ რიგში, აქცენტი რუსეთში მყოფ მილიონამდე ეთნიკურად ქართველზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები არ შესრულდება. პრემიერ-მინისტრმა დღეს საზოგადოებას 2012 წლამდე პერიოდიც შეახსენა, როდესაც 2008 წლის ომიდან მალევე, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ცალმხრივად გაუქმდა რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, სანაცვლოდ კი ქვეყანას სარგებელი არ მიუღია.

ირაკლი კობახიძისთვის პოლიტიკურ პარტიებში გაკეთებული შეფასებები სპეკულაციურია. ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განმარტა, რომ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას ხელს ვერ შეუშლის და ქვეყანა საერთაშორისო სანქციების ერთგული რჩება.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილისთვის მოსკოვის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველია. კრემლის
ნაბიჯმა პარტიების დღის წესრიგში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესების საკითხი დააბრუნა.

კოლეგებისგან განსხვავებით, "გირჩში" მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ უნდა ისარგებლოს რუსეთის გადაწყვეტილებით, თუმცა პარალელურად, ხელისუფლებამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ოპოზიციონერი დეპუტატები ნაწილისთვის გამოსავალი არც ვიზების შემოღებაშია, ამბობენ, რომ შეზღუდვები გრძელვადიანი ვიზიტებისა და საქართველოში საცხოვრებლად დარჩენის შემთხვევებში უნდა დაწესდეს.

ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებიც სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრეები არიან, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში სდებს ბრალს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, თვითსანქცირების მსურველები ქვეყნის და საკუთარი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილება უვიზოდ, წლებია, შეზღუდულია. 2019 წლის 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, ოფიციალურმა მოსკოვმა თბილისთან პირდაპირი ფრენებიც შეაჩერა.

 

დღის ამბები