26 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ტელეწამყვანი, ლაშა ნაკაიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე ბრალდებაში გაამართლა

"მთავარი არხის" ყოფილი ტელეწამყვანი, ლაშა ნაკაიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ წაყენებულ რამდენიმე ბრალდებაში გაამართლა. საუბარია გაუპატიურებაზე, ოჯახურ ძალადობასა და გავრცელების ნაწილზე. მას მსჯავრი დასდო მხოლოდ მუქარის ნაწილში, რაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  ყოფილი ტელეწამყვანი 9 თვეა დაკავებულია და ის საპატიმროს სამ თვეში დატოვებს.  

გამოძიების ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები