26 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,  საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ, დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. 

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება," - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრები გიორგი ტერაშვილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა. ნახირი საოკუპაციო ხაზს მიღმა გადავიდა და ტერაშვილი მას დაედევნა, რა დროსაც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ის დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

დღის ამბები