26 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
ჯანყი "ნაციონალურ მოძრაობაში" - ლევან ხაბეიშვილს უნდობლობა ერთდროულად ექვსმა რაიონულმა ორგანიზაციამ გამოუცხადა

რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა არჩევნებში მონაწილეობაზეც უარი თქვეს და თანამდებობებიც დატოვეს. პარტია რაიონებში ახალ თავმჯდომარეებს ირჩევს - სწორედ ეს პროცესი გახდა წყალგამყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ახალ მენეჯმენტსა და რეგიონებში მათ წარმომადგენლებს შორის. წალენჯიხაში, ჭიათურაში, ამბროლაურში, ცაგერსა და ახალციხეში ფიქრობენ, რომ ლევან ხაბეიშვილმა შიდა არჩევნებისთვის არასწორი დრო შეარჩია.

თანამდებობა დატოვა ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემაც. ია ჯიშკარიანი ამბობს, რომ მისთვის გადამწყვეტი მარტო ახალი მენეჯმენტის ხედვები და ქმედებები არ ყოფილა, ამის გარდა, როგორც განმარტავს, ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრე ზაზა გოროზიამ მას პირადად უთხრა, რომ ახალი თავმჯდომარისთვის არასასურველი კადრი იყო. მიზეზად გოროზიამ ჯიშკარიანს მელიას მხარდაჭერა დაუსახელა.

რაიონული ორგანიზაციების უკვე ყოფილი თავმჯდომარეების გადაწყვეტილებები მოულოდნელი არ ყოფილა მელიას გუნდისთვის. ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი პარტიის ახალი მენეჯმენტის ქმედებებმა გამოიწვია. განსაკუთრებულ აქცენტს ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრე ახლად ჩანიშნულ არჩევნებზე აკეთებს, დოლიძე ფიქრობს, რომ რეგიონებში არჩევნების ჩატარება პარტიაში არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.

ბრალდებებს დღეს ლევან ხაბეიშვილი თავად არ გამოხმაურებია. მედიასთან არც ზაზა გოროზია გამოჩენილა. მათ მაგივრად განცხადება გიორგი ბოტკოველმა გააკეთა. "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებზე ზეწოლის ფაქტები უარყო. ბოტკოველი მიიჩნევს, რომ რაიონებში თანამდებობების დატოვება მხოლოდ პარტიის გახლეჩას უწყობს ხელს.

ეს არ არის "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილების პირველი ეტაპი. დაპირისპირება პარტიაში გასულ წელს, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები