26 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ირწმუნება, რომ მის ძმას სისტემა მიხეილ არახამიას დახმარებით ებრძვის - რას პასუხობს ხელისუფლება გიორგი ვაშაძის ბრალდებებს და როგორია ოპოზიციონერის პრეტენზიებზე მისი კოლეგების რეაქცია

"გამეცით პასუხი კონკრეტულ კითხვებზე, როდის დატოვა ამ ადამიანმა საზღვრები, რატომ არის მის სარეგისტრაციო დოკუმენტში ყალბი ტელეფონის ნომერი მითითებული?!" - გიორგი ვაშაძე ამ კითხვებზე პასუხებს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებისგან ელოდება. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა. ვაშაძე აღმაშენებლის 75 ნომერში მისი ძმის კუთვნილი შენობის ნაწილში ჩატარებულ სპეცოპერაციას პროვოკაციას უწოდებს. ამბობს, რომ საეჭვო დამთხვევაა მიხეილ არახამიას მიერ საჯარო რეესტრში კომპანიის დარეგისტრირება, მისი ძმის დავით ვაშაძის საკუთრებაში არსებულ შენობაში საოფისე ფართის ქირაობა და მისი ქვეყნიდან გასვლა.

ვაშაძის ბრალდებები ადრესატებისთვის ისრების გადატანის მცდელობაა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კონტრთავდასხმები უსაფუძვლოა. სახელისუფლებო გუნდი ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს გამოძიების შედეგებს დაელოდონ.

გამოძიების შედეგების მოლოდინში არიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც, თუმცა მათთვის სარწმუნო, მხოლოდ ის გამოძიება იქნება, რომელსაც მათივე ჩართულობით პარლამენტის საგამოძიებო კომისია დადებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო უმრავლესობაში მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ინიციატივა უფრო ალტერნატიულ გამოძიებას ჰგავს და მისი ინტერესი არა რეალობის გამოაშკარავება, არამედ ქოლ-ცენტრების საქმესთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა იქნება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში გასულ თვეს დარეგისტრირდა, თუმცა თავად საკითხის მომხრეები ვარაუდობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის განწყობის გამო კომისია ვერ შეიქმნება.

 

დღის ამბები