26 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
ბრალდებები ქოლცენტრების ირგვლივ - ვის ემუქრება გიორგი ვაშაძე და რა ეჭვები აქვს მმართველ გუნდს ოპოზიციის ქოლცენტრებთან შესაძლო კავშირებზე

გიორგი ვაშაძისთვის აღმაშენებლის 75 ნომერში ჩატარებული სპეცოპერაცია იმიტირებულ ქოლცენტრებთან ბრძოლაა. ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი მისი ძმის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან დაკავშირებას დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.

ვაშაძე მიხეილ არახამიას დაკავებასაც ითხოვს. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, სწორედ უკრაინელი პოლიტიკოსის ძმამ მიხეილ არახამიამ იქირავა ოფისი დავით ვაშაძის და მისი პარტნიორებისგან. რამდენიმე დღეში კი სპეცოპერაციის შედეგად საოფისე ფართი დაილუქა, ტექნიკა კი გამოძიებას გადაეცა. პასუხისგებაში მიცემით გიორგი ვაშაძე დღეს მხოლოდ ოპონენტებს არ დამუქრებია, მისი სამიზნე დღეს ყველა ის მედია საშუალება გახდა, რომლებმაც დოკუმენტებზე დაყრდნობით მოამზადეს მასალები, თუმცა ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერისთვის რეპორტაჟები მაინც არაობიექტური აღმოჩნდა.

გამოძიების შედეგებს ელოდება მმართველი პარტიაც. ”ქართულ ოცნებაში” არც გიორგი ვაშაძის გაღიზიანება უკვირთ. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ნაწილის და მათი ახლო გარემოცვის ზოგიერთი წარმომადგენლის კავშირები ქოლცენტრების სკანდალთან საეჭვოა.

არახამია - ვაშაძის შესაძლო საეჭვო კავშირებზე საუბარი უჭირთ ოპოზიციაში. არსებულ ეჭვებსა და კითხვებზე პასუხის გაცემის ერთადერთ საშუალება საგამოძიებო კომისია წარმოუდგენიათ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კომისიის მუშაობის შემთხვევაში ყველას მიმართ თანაბარი მიდგომა იქნებოდა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის რა ინტერესი აქვს ოპოზიციას - ოცნების პასუხი ერთია. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ დაინტერესებულ პირებს მტკიცებულებებთან წვდომა სურთ, ადგილობრივი გამოძიების მიმართ უნდობლობის გამოცხადებით კი ქართველი სამართალდამცველების მიმართ რეპუტაციული ზიანის მიყენება უნდათ, სახელისუფლებო პარტია ამ ყველაფრის მიღმა დავით კეზერაშვილის ინტერესს ხედავს.

აღმაშენებლის N75-ში სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია პარასკევს ჩაატარეს. რამდენიმე საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სასტუმროს სხვენში მოწყობილი ოფისი დალუქეს, კომპიუტერული ტექნიკა კი ამოიღეს. შენობა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა შპს "მისანის" საკუთრებაა. კომპანიის თანამფლობელებს შორის ერთ-ერთი გიორგი ვაშაძის ძმაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იმავე შენობაშია განთავსებული შპს “ლაიონს შვიდი გრუპი“, რომლის ასპროცენტიანი მფლობელი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიხეილ არახამაიაა. ის უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით არახამიას ძმაა.
ქოლცენტრზე შესული შეტყობინების საფუძველზე სწორედ ამ კომპანიის სამუშაო სივრცეში ჩატარდა საპოლიციო ღონისძიება.

 

 

დღის ამბები