26 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარეობის და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება

ცესკოს თავმჯდომარეობის და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცვლილებები "საარჩევნო კოდექსსა" და რეგლამენტში შედის. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი.

ცვლილებებს ოპოზიცია აპროტესტებს და ადმინისტრაციის ერთპიროვნულად დაკომპლექტების მცდელობაზე საუბრობს.

"ხელისუფლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ცვლის და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ფაქტობრივად, ერთპარტიულ ოკუპაციას უკეთებს. ახალი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა უბრალო უმრავლესობით, ანუ ერთპარტიულად და თანაც 5 წლის ვადით იქნება შესაძლებელი. უგულებელყოფილია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნები," - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ გიორგი სიორიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი არის "სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითი."

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი განმარტავენ, რომ ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის დღეს მოქმედი წესის ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს. მათი თქმით, არსებული სამართლებრივი მოწესრიგება, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩევიან 6 თვის ვადით კი უპრეცედენტო და აბსურდულია, რის გამოც პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღემდე ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობის ცესკოს წევრობის კანდიდატების წარდგენას. მათივე განცხადებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ არსებული რეგულაცია გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელს უშლის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრების არჩევას. წარმოდგენილი ცვლილებით კი, პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და უზრუნველყოფს კონკურსის წესით, დამსახურებაზე დაფუძნებით, საუკეთესო პროფესიული კანდიდატების შერჩევას.

"პარლამენტისგან საარჩევნო ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს სრული მხარდაჭერა, რათა ვერავინ შეძლოს მიაყენოს მას ჩრდილი, წაუყენოს დაუსაბუთებელი ბრალდებები და ამით ძირი გამოუთხაროს საქართველოში დემოკრატიული არჩევნებსა და მის შედეგებს. ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას რომლითაც საქართველოს მომავალი არჩევნები იქნება მაქსიმალურად სანდო ჩვენი საზოგადოებისთვის, იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და გადამოწმებადი ყველგან, სადაც იქნება ლეგიტიმური კითხვები," - აღნიშნა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები