გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა. პროკურატურა დაცვის თანამშრომელს "დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობას" ედავება. მას ბრალი სწორედ იმ მუხლით წარუდგინეს, რომელიც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იქამდე, გამოძიება გივი მარგველაშვილის დაცვის თანამშრომელ კახაბერ კამლაძეს განზრახ მკვლელობას ედავებოდა, თუმცა დაცვის მხარე იარაღის გამოყენებას და გასროლას აუცილებელი მოგერიებით ხსნის. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა.
"თავს არ ცნობს დამნაშავედ, თუმცა ამ ეტაპზე დააფიქსირა, რომ ის იყენებს დუმილის უფლებას. ჩვენ დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენება მივცეთ გამოძიებას. წარდგენილი მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთი ერთში აქვს აღწერილი ყველა დეტალი, როდესაც მისი გამოკითხვა მოხდა და ნამდვილად არის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. პირველი, რაც უთქვამს - სდექ, პოლიციაა - ორჯერ დაუძახა და, მიუხედავად ამისა, იმ ადამიანმა.... წამებში მიიღო გამაფრთხილებელი ზომები. ყველა წუთში იყო საფრთხე, აბსოლუტური საფრთხე იყო არამარტო იმ ადამიანის, ვინც დაჭრა, ვისაც ესროლა, არამედ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლის მიმართ,"- აცხადებს კახაბერ კამლაძის ადვოკატი ხათუნა ხურცილავა.