რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ კიდევ უფრო მეტი ფაქტები გროვდება. ეუთოს ბოლო დასკვნა თითქმის მთლიანად ეხება იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც რუსეთმა უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ ჩაიდინა.
ანგარიშში აღწერილია უკრაინელი ბავშვების მასობრივი დეპორტაცია რუსეთში და ეროვნული იდენტობის წაშლის მიზნით მათი იქ გადამზადება. ეუთოს მისია ბავშვების გადასახლებას, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს.
ეუთო პირდაპირ წერს, რომ ეს შესაძლოა იყოს კაცობრიობის წინაღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას ტრიბუნალი ელოდება.
"მისია ასკვნის, რომ უკრაინელი ბავშვების იძულებითი გადაყვანის ან დეპორტირების პრაქტიკა, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, შესაძლოა დაკვალიფიცირდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად - მოსახლეობის დეპორტირება ან იძულებითი გადასახლება," - წერია ანგარიშში.
აშშ-ს ელჩმა ეუთოში სატელეფონო კომენტარი გააკეთა, სადაც ამბობს, რომ ბავშვების ოჯახებისგან მოწყვეტა, სხვა ქვეყანაში იძულებითი გადაყვანა, გაშვილება ან უცხო ადამიანების მიერ გადამზადება, ყველაზე ამაზრზენი დანაშაულია. შეერთებული შტატების ელჩმა ეუთოში დღეს კიდევ ერთხელ ახსენა ნიურნბერგი.
"უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ბევრი შემზარავი დანაშაულია ჩადენილი, მაგრამ ბავშვების ოჯახებისგან მოწყვეტა, სხვა ქვეყანაში იძულებითი გადაყვანა, გაშვილება ან უცხო ადამიანების მიერ გადამზადება, ყველაზე ამაზრზენი და საზიზღარია. ბავშვების წინააღმდეგ დანაშაული, მათი ეროვნული იდენტობის წაშლის მიზნით, არც ერთმა მთავრობამ არ უნდა ჩაიდინოს. ეუთო ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ორგანიზაციებიდან, რომელიც უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას ითხოვს,“ - აცხადებს მაიკლ ქარფენთერი.
ეუთო აქტიურად თანამშრომლობს უკრაინის პროკურატურასთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რომელსაც როგორც იცით, დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული პუტინზე და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვაზე.
"რუსეთის ფედერაციამ არა მხოლოდ არაერთხელ და აშკარად დაარღვია ამ ბავშვების საუკეთესო ინტერესები, მან ასევე უარყო მათი იდენტობის, ოჯახის ქონის, ოჯახთან გაერთიანების უფლება. ასევე დაარღვია განათლების, ინფორმაციასთან წვდომის, დასვენების, თამაშის, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის, აზროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებიც," - წერია ანგარიშში.
მაიკლ ქარფენთერი ამბობს, რომ ათასობით ბავშვია გადაყვანილი უკრაინიდან და 23 აპრილის მონაცემებით, უკან მხოლოდ 361 დაბრუნდა.
"ანგარიში აღნიშნავს, რომ ეს ბავშვები ციმბირში და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს. ათასობით ბავშვია გადაყვანილი უკრაინიდან და 23 აპრილის მონაცემებით, უკან მხოლოდ 361 დაბრუნდა. ათასობით ოჯახი ისევ გაყოფილია რუსების მიერ და ათასობით ბავშვი ტრავმირებული," - აცხადებს ქარფენთერი.