26 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
კონსერვატიული ღირბულებების პოლიტიკოსების ყველაზე მასშტაბური ფორუმის მეორე დღე  და ტრამპის ვიდეომიმართვა - როგორი იყო სიტყვით გამოსვლები ბუდაპეშტში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფება

კონსერვატიული ღირებულებების პოლიტიკოსების ყველაზე მასშტაბური ფორუმის მეორე დღე, დონალდ ტრამპის ვიდეო მიმართვით გაიხსნა. მის განცხადებას ბუდაპეშტში ელოდნენ. გარდა იმისა, რომ სიპაკის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება, თავად დონალდ ტრამპი არაერთხელ ყოფილა კონფერენციის მონაწილე, პრეზიდენტის რანგშიც.

უნგრეთის პრემიერმა, რომლის ინიციატივით ფორუმი ბუდაპეშტში უკვე მეორედ იმართება, ტრადიციული ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი სრულიად იზიარებს კონფერენციის მთავარ გზავნილებს და მონაწილეებს ვიდეომიმართვას უგზავნის. ოფიციალურ გამოსვლებსა თუ პანელურ დისკუსიებში, ჟურნალისტებმა, მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებმა, თანამედროვე ეპოქაში ოჯახის, სარწმუნოების, ერების შენარჩუნების კონცეფციაზე იმსჯელეს.

წლევანდელ კონფერენციაში განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს. მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ საქართველო ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა, სადაც ტრადიციებთან ერთად, პროგრესის აუცილებლობა კარგად ესმით და ყველა მოქალაქის უფლებები კონსტიტუციურად გამყარებულია.

კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებზე. მხარეებმა საქართველო-უნგრეთს შორის ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერის გამო, საქართველოს პრემიერმა უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რომელსაც ქვეყანა წლის ბოლოსათვის ელოდება. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ვიქტორ ორბანის სახელით, სამუშაო სადილი გაიმართა.

დღის ამბები