26 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
დაქირავებული არმია რეგულარული არმიის მეთაურობის წინააღმდეგ - "ვაგნერმა" ბახმუტი შესაძლოა 10 მაისს დატოვოს

დაქირავებულ მებრძოლთა მეთაური რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ღიად უპირისპირდება. ევენი პრიგოჟინი ბახმუტელში არც "ვაგნერის" კოლოსალურ დანაკარგს და არც ლოჯისტიკურ პრობლემებს მალავს. გვიან ღამით მიმართვის გავრცელების შემდეგ მალევე სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი ვიდეო აიტვირთა.

ბახმუტში საოკუპაციო ძალის რეგულარული ჯარი მაინც რჩება, თუმცა, უკვე კვირაზე მეტია ისინი უკრაინელი სამხედროების ინტენსიური ცეცხლის ქვეშ არიან და აქამდე დაკავებული გარკვეული პოზიციების დიდი ნაწილიც დათმეს. უკრაინის გენერალურ შტაბში იმასაც ამბობენ, რომ მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში, ბახმუტში, მარიინკასა და ავდიივკაში აგრესორმა 620 ჯარისკაცი დაკარგა. განადგურებულია რუსული არმიის ტექნიკაც.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში მყოფი საოკუპაციო ძალების შეიარაღებით უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფის ბრძანება გასცა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნახსენები არაა, ეხება თუ არა ეს ბრძანება ბახმუტის მიმართულებით მებრძოლ "ვაგნერის" ჯგუფს. რუსეთში ცოცხალ ძალაზე და ტექნიკაზე მეტად კრემლზე სავარაუდო თავდასხმა აინტერესებთ. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დამნაშავეს შეერთებულ შტატებში ეძებს. ლავროვი საპასუხო ქმედებებითაც იმუქრება, თუმცა, დეტალების გამხელისგან თავს იკავებს.

ლავროვის ბრალდებებზე ვაშინგტონს დღეს პასუხი არ გაუცია, თუმცა პუტინის პრესსამსახურს გუშინ თეთრი სახლიდან ცხადად უთხრეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია.

რაც შეეხება კიევს, უკრაინა კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს. ეს დასავლელი ანალიტიკოსების პროგნოზია. ექსპერტები თვლიან, რომ მასშტაბურ კონტრიერიშს უკრაინელი სამხედროები მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

დღის ამბები