"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ოფისების დალუქვის შემდეგ ერთმანეთისგან განსხვავებულ კომენტარებს აკეთებდნენ. პაატა მანჯგალაძემ ჯერ კიდევ დღეს დილით დაადასტურა, რომ ფართი, სადაც სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, არა ოფისი არამედ, საწყობია და გიორგი ვაშაძის პარტია მას 5 წელი ძველი კომპიუტერების შესანახად იყენებდა, სადაც მათი მხარდამჭერების ბაზები ინახებოდა.
დალუქულ ოფისთან კავშირ გამორიცხავს თავად ვაშაძე და ამბობს, რომ შესაძლოა მანჯგალაძემ სხვა ოფისი იგულისხმა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ქოლცენტრებტან მისი და მისი ძმის კავშირს უარყოფს, ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებებს კი "ქართულ ოცნებას" უყენებს.
ვაშაძის განმარტება "ქართული ოცნებისთვის" დამაჯერებელი არ არის. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დანაშაულებრივ სქემასთან ოპოზიციის ნაწილის კავშირები საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. სახელისუფლებო გუნდი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ქართველი სამართალდამცველების მიერ წარსულშიც და ახლაც არაერთი დანაშაული გამოვლინდა ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით და ყველა მათგანის კვალი ოპოზიციის გარემოცვამდე მიდის.
ე.წ ქოლცენტრებთან გიორგი ვაშაძის შესაძლო კავშირმა საპარლამენტო ოპოზიცია უფრო დაარწმუნა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია.
გამოძიების ინტერესების დაზიანება - ასე აფასებენ ”ოცნებაში” ოპოზიციის მოთხოვნას. საპარლამენტო უმრავლესობას მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი გამოძიების პარალელურად პროცესი პარლამენტშიც დაიწყოს. უარის მთავარ მოტივად კი სწორედ კვალიფიციური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობას ასახელებენ.
საგამოძიებო კომისიის შექმნა გიორგი გახარიას გუნდა მას შემდეგ დააინიცირა, რაც BBC-მ ტრანსნაციონალურ დანაშაულზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და დანაშაულებრივი სქემის სათავეში ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი გამოავლინა.