"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული კადრებით ახალი გარემოებები იკვეთება. სათვალთვალო კამერის ჩანაწერის მიხედვით, საბა გახოკია, გოგებაშვილის ქუჩაზე ორი იარაღით მივიდა. კადრებში ჩანს, რომ ის ჯერ ვინჩესტერით ისვრის, მიწაზე დაცემის შემდეგ კი, დაცვის წევრის მისამართით უკვე მეორე ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს. თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი მალევე ადგილზე გონებას კარგავს.
გოგებაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ობიექტზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერით ირკვევა, რომ ორმხრივი სროლა 34 წამი გაგრძელდა. 19 საათსა და 41 წუთზე გივი იგივე - "გიჩო" მარგველაშვილი ერთ-ერთი კაფის წინ, მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, რამდენიმე წამში მას საბა გახოკია, ბაშალეიშვილის ქუჩიდან მიუახლოვდა და ვინჩესტერით ფეხებში დამიზნებით ესროლა. კადრებში ჩნდება კიდევ ერთი პირი, -კახაბერ კამლაძე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მარგველაშვილის დაცვა იყო და იქვე რამდენიმე მეტრში იდგა. ჩანაწერის მიხედვით, კამლაძემ ცეცხლსასროლ იარაღი თავდამსხმელს რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი გახოკია ძირს დაეცა, მიწაზე დავარდა ხელჩანთაც რომელიც მას თან ჰქონდა და სადაც სავარაუდოდ თავის ვინჩესტერს მალავდა.
ორმხრივი სროლის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს, ადგილზე ერთი მოკლული და ორი დაჭრილი დახვდათ. საბა გახოკია ძლიერი სისხლდენის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ექსპერტიზისთვის მისი ცხედარი გვიან ღამით პროზექტურაში გადაასვენეს. დაჭრილები კი სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს. ქვედა კიდურებში მიყენებული ჭრილობებით გიჩო მარგველაშვილი ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ბრმა ტყვიით მსუბუქი დაზიანება მიიღო შემთხვევითმა გამვლელმაც, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე უკვე გაწერს.
გუშინ მომხდარ ორმხრივ სროლას ბევრი თვითმხილველი ჰყავს, თუმცა გოგებაშვილის ქუჩაზე დეტალებზე არავინ საუბრობს. როგორც თავად ამბობენ, არავინ იცის თავდასხმის მოტივი. ჰყვებიან, რომ გივი მეტსახელად გიჩო მარგველაშვილი წლებია საკუთარი ბიზნესითაა დაკავებული. "კურიერი" მის ოჯახშიც იმყოფებოდა, თუმცა ახლობლებს კამერებთან გამოჩენა ჯერ არ სურთ.
მოტივზე არაფერს ჰყვებიან არც მოკლული, საბა გახოკიას ნაცნობები. ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახთან ერთად საბურთალოზე ცხოვრობდა. ცხედარი პროზექტურიდან გარდაცვლილის სახლში უკვე გადაასვენეს.
გამოძიება დანაშაულის მოტივის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. "კურიერის" ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთი ფინანსური დავაა. ასევე "კურიერის" ინფორმაციით, სროლამდე რამდენიმე ხნით ადრე, მარგველაშვილს და გახოკიას თანხების გადანაწილებაზე უთანხმოება მოუვიდათ. განიხილება, თავდასხმის მიზეზის კიდევ ერთი ვერსია - წარსულში კონფლიქტი.
ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე ამ ეტაპზე ერთი პირია დაკავებული. გივი მარგველაშვილის დაცვის თანამშრომელი კახაბერ კამლაძე. ის დაცვის პოლიციის თანამშრომელია, სწორედ ამიტომ, საქმის შესწავლა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც დაიწყო.
კახაბერ კამლაძე ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. მას ადვოკატი უკვე შეხვდა. ინტერესების დამცველის თქმით, დაკავებული მხოლოდ თავს იცავდა. ხათუნა ხურცილავა ამბობს, რომ სანამ დაცვის ქვეშ მყოფი იარაღს გამოიყენებდა, მანამდე მან თავდამსხმელს შეჩერებისკენ არაერთხელ მოუწოდა.
გამოძიება ამ ეტაპზე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, პოლიცია გოგებაშვილის ქუჩაზე გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. გამოიკითხნენ მოწმეები და სამართალდამცველებმა ამოიღეს თითქმის ყველა ობიექტზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებიც .