აღმაშენებლის N75-ში სამართალდამცველები, დაახლოებით, ღამის 12 საათისთვის გამოჩნდნენ. სასტუმროს სხვენში მოწყობილი კონსპირაციული ოფისი ფინანსურ პოლიციას დაკეტილი დახვდა. გამომძიებლებს კარის გასახსნელად მაშველების დახმარება დასჭირდათ. რამდენიმე საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, დალუქეს და ამოიღეს ოფისში არსებული კომპიუტერული ტექნიკა. უკავშირდებოდა თუ არა საპოლიციო ღონისძიება ე.წ. ქოლცენტრს? - ამ საკითხზე განმარტება ადგილზე არ გაკეთებულა.
შენობა, სადაც წუხელ ჩხრეკა ჩატარდა შპს "მისანის" საკუთრებაა. კომპანიის თანამფლობელებს შორისაა პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე. ის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მივიდა და დაადასტურა, რომ უძრავი ქონების თანამესაკუთრეა. პოლიტიკოსის ძმა ქოლცენტრებთან კავშირს უარყოფს.
სასტუმროს გარდა შენობის ნაწილი საოფისე ფართებს ეთმობა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქვეა განთავსებული შპს “ლაიონს შვიდი გრუპი“. ქოლცენტრზე შესული შეტყობინების საფუძველზე სწორედ ამ კომპანიის სამუშაო სივრცეში ჩატარდა საპოლიციო ღონისძიება. “ლაიონს შვიდი გრუპის“ ასპროცენტიანი მფლობელი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიხეილ არახამაიაა. ის უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით არახამიას ძმაა.
"კურიერი" დღეს მიხეილ არახამიას კომპანიის იურიდიულ მისამართზეც იმყოფებოდა. ადგილზე საცხოვრებელი ბინა დაგხვდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მათ ბინაშია რეგისტრირებული, მეპატრონეები ამბობენ, რომ მიხეილ არახამიას შესახებ არაფერი იციან და ბინა ცოტა ხნის წინ სხვა პირისგან შეიძინეს.
კონსპირაციული ოფისიდან ამოღებულ კომპიუტერულ ტექნიკას, სავარაუდოდ, ექსპერტიზა უტარდება. ფაქტს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქოლცენტრების თაღლითური სქემების გამოვლენის მიზნით ქართველი სამართალდამცველები აქტიურ მუშაობას განაგრძობენ.
აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისიდან კომპიუტერულ ტექნიკასთან ერთად ამოღებულია დოკუმენტაციაც, რომლის შესწავლის შემდეგაც გაირკვევა, რეალურად რას საქმიანობდნენ ამ დაწესებულებაში და იკვეთება თუ არა კავშირები პოლიტიკურ წრეებთან.