უკრაინის ომბუდსმენი აპირებს მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს, - ამის შესახებ გიული ალასანიამ განაცხადა.
ექსპრეზიდენტის დედამ უკრაინის ომბუდსმენთან და უკრაინის რადას წევრებთან ვიდეო ჩართვის ფორმატით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა. როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, შეხვედრა უკრაინის ომბუდსმენის ინიციატივით შედგა. ალასანიამ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე კვლავ დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაიყვანონ.
"შეხვედრა შედგა უკრაინის ომბუდსმენის ინიციატივით, როგორც მე მივხვდი. მონაწილეობდნენ უკრაინის პარლამენტარები. ომბუდსმენმა ბრძანა, რომ დაწერა განცხადება, მიმართა ჩვენს პენიტენციურ სისტემას, რომ მიეცათ იმის უფლება, რომ მოენახულებინა მიხეილ სააკაშვილი. როგორც ჩანს, უარია ამაზე. მე კიდევ ვაპირებ თავიდან დავწეროო და იუსტიციის სამინისტროს ისევ მივმართო თხოვნითო. იციან, რომ სტრასბურგშია გაგზავნილი საბუთები და ელოდებიან," - აცხადებს გიული ალასანია.