26 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც ბრალი ჯაშუშობაში ედება, 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქრისტინე თაკალანძე პატიმრობას ე.წ. საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის. საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ სცნეს ე.წ. აფხაზური სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით, რაც ჯაშუშობას გულისხმობს.

ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გვერდზე აღნიშნულის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

თაკალანძე გასული წლის 20 ივლის ოკუპირებული გალის ტერიტორიის, სოფელ ნაბაკევში დააკავეს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქის მობილური ტელეფონიდან "ამოღებულ იქნა რუსული ბლოკპოსტის ფოტო". ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს და აღნიშნული ფოტო თაკალანძემ ქართულ დაზვერვას გადაუგზავნა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ქრისტინე თაკალანძის ადვოკატი ავთანდილ ჭკადუა აცხადებს, რომ დაკავებულის წინააღმდეგ საქმე უკანონოდ აღიძრა, ვინაიდან საქმის მასალებში დაკავებულის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულება არ დევს.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის უკანონო ტყვეობიდან გასათავისუფლებლად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ინფორმირებულები არიან.

დღის ამბები