26 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
კიევის თავდასხმა კრემლზე თუ პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტული ვიდეო ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - რა ხდება დრონების შეტევის ქვეშ მყოფ რუსულ ქალაქებში

კრემლზე სავარაუდო თავდასხმის მეორე დღეს, რუსეთის ყველა პროპაგანდისტული არხიდან უკრაინის მისამართით უკვე მუქარის გზავნილები ისმის. საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს და ამტკიცებს, რომ თავდასხმის მცდელობის უკან კიევი დგას.

კრემლის მიერ ტერორისტად გამოცხადებული ვოლოდიმირ ზელენსკი, დანარჩენი მსოფლიოსთვის სამაგალითოა. უკრაინის პრეზიდენტს ოვაციებით შეხვდნენ ჰააგის სასამართლოში. სწორედ აქ გაირკვა, რომ ზელენსკის ტერიტორიების დაბრუნების გარდა, მეორე ოცნებაც აქვს - ჰააგის სასამართლოში განსასჯელის სკამზე ვლადიმერ პუტინი იხილოს.

ზელენკისგან განსხვავებით, თავად ვლადიმერ პუტინს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. იმის დასადასტურებლად კი რომ თავდასხმის მცდელობის შემდეგ მუშაობა არ შეუწყვეტია, მისმა პრესსამსახურმა ვიდეომასალა გამოაქვეყნა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებზე შეხვედრებს მართავს. პუტინის სახელით მისი პრესსპიკერი საუბრობს. პესკოვმა კიევის გარდა, ბრალდებები უკვე ვაშინგტონსაც წაუყენა.

პესკოვის ბრალდებები სასაცილოა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ჯონ კირბი ამბობს რომ პუტინის პრესსპიკერი უბრალოდ იტყუება.

კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით, ევროკავშირის შეშფოთებაც მოჰყვა, ეჭვობენ რომ რუსეთის მხრიდან ეს შეიძლება ომის ესკალაციის საბაბი გახდეს

მხარდამჭერები მოსკოვსაც გამოუჩნდა. თუმცა, მსოფლიოში მხოლოდ 2 - ვენესუელა და სირია.

მეორე დღეა კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია განხილვის საგანია მსოფლიოში. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე შეტევას, თავად რუსეთის მიერ ინსცენირებულად მიიჩნევს. ამერიკელი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს მოსკოვს უკრაინაზე შეტევის გაძლიერების საბაბად სჭირდება.

სანამ მსოფლიო არკვევს, რეალურად მოხდა თუ არა კრემლზე თავდასხმის მცდელობა, მოსკოვი მუქარებს ასრულებს. პირველი პასუხი ხერსონი იყო, სადაც საოკუპაციო ძალებმა ერთადერთი ჰიპერმარკეტი დაბომბეს. შედეგად, 23 ადამიანი დაიღუპა.

"კრემლისთვის", "მოსკოვისთვის" - ეს კი უკვე რუსეთიდან უკრაინისკენ დრონებით გაშვებული გზავნილებია. უკრაინის საჰაერო ძალებმა 24-დან 18 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს.

ცხელი იყო ღამე რუსეთის რამდენიმე ოლქისთვისაც. კრასნოდარში ნავთობსაცავში ხანძარი ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დრონით თავდასხმის შედეგად გაჩნდა. ნავთობპროდუქტების ქარხანა დაბომბეს უპილოტო საფრენი აპარატით როსტოვის ოლქშიც. ინფორმაცია გუბერნატორმა გაავრცელა.

დღის ამბები