26 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქცია და ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი - საკითხები, რომელზეც დღეს პარლამენტში დეპუტატებმა იკამათეს

27 აპრილს მიღებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციას გენოციდი მტკიცებულებად შეაფასა. კენჭისყრის დღეს, საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში აღარ იმყოფებოდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს "ქართულმა ოცნებამ" მიზანმიმართულად გააკეთა, მმართველმა პარტიამ კი ოპონენტები მორიგ ჯერზე დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაში დაადანაშაულა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იყო კიდევ ერთი თემა. მმართველ გუნდი და ოპოზიცია თანხმდებიან, რომ ქვეყანას ის ეკუთვნის, თუმცა ევროინტეგრაციის გზაზე წინაღობების ხელოვნურად შექმნაში ერთმანეთს ბრალდებები წაუყენეს.

ოპოზიციამ ხელისუფლება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესუსტებაში დაადანაშაულა. თეონა აქუბარდიას შეკითხვას, რატომ ვთქვით ნატოს სწავლებაში მონაწილეობაზე უარი, სხდომათა დარბაზშიც და თავდაცვის სამინისტროშიც უპასუხეს, რომ თავდაცვის ძალები ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო წვრთნებში.

ურთიერთკრიტიკა ისმოდა დარბაზში კვირას გამართული აქციის შეფასებისას. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ რესპუბლიკის მოედანზე შეკრება "ქართული ოცნების" ორგანიზებული იყო. საპასუხოდ სახელისუფლებო გუნდის წევრებმა ოპონენტებს, მოსახლეობაში ოპოზიციის დაბალი რეიტინგი შეახსენა

სხდომათა დარბაზში გაკეთდა განცხადებები ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონზეც. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თქვა, რომ მოსახლეობა ხელისუფლების უმოქმედობის გამო მძიმე პირობებში ცხოვრობს. ლევან ხაბეიშვილს უკვე ტრადიციულად ირაკლი ზარქუამ უპასუხა.

განცხადებებს კანონმდებლები, მომდევნო სასესიო კვირის სამშაბათსაც გააკეთებენ.

 

დღის ამბები