26 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
7 მაისს დოჰაში სტარტს აიღებს ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი - ინდივიდუალური ტურნირი 13 მაისამდე გაგრძელდება, 14 მაისს კი გუნდური შეჯიბრი გაიმართება

7 მაისს დოჰაში სტარტს აიღებს ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი - ინდივიდუალური ტურნირი 13 მაისამდე გაგრძელდება, 14 მაისს კი გუნდური შეჯიბრი გაიმართება. ელიტურ ტურნირზე, 40 ქვეყნის ორასზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრები, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ვაჟთა შორის 9 ძიუდოისტი იასპარეზებს, ქალთა ნაკრებს კი კატარის დედაქალაქში სამი წარმომადგენელი ეყოლება.

გასულ წელს მსოფლიო პირველობას ტაშკენტმა უმასპინძლა, უზბეკეთში ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს. ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონი გახდა, მაისურაძემ, ბექაურმა და თუშიშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. დოჰაში ეროვნული ნაკრების ოთხივე ლიდერი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ტურნირებზე მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად მომავალმა მსოფლიო ჩემპიონატმა შესაძლოა უკრაინელი სპორტსმენების გარეშე ჩაიაროს. უკრაინული მხარე ტურნირის ბოიკოტირებას გეგმავს. უკრაინის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვიტალი დუბროვამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მკაცრად გააკრიტიკა.

უკრაინის ქალთა ნაკრების ლიდერმა დარია ბილოდიდმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. ცნობილი უკრაინელი ძიუდოისტის განცხადებით ყველა რუსი სპორტსმენი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, სამხედრო პერსონალია.

რუსი და ბელარუსი ძიუდოსიტები ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ. თითოეულ მათგანი დეტალურად შეამოწმდება, დღეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რვა რუს სპორტსმენს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა აუკრძალა, ტურნირის დაწყებამდე ძიუდოს ფედერაციის საგანგებო კონგრესი გაიმართება სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელები რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საკითხს კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილავენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

დღის ამბები