26 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
კრიმინალური გარჩევა თბილისში და სროლა ფიროსმანის ქუჩაზე - როგორი წარსული აქვს კირცხალიას და რა აკავშირებს მას კრიმინალურ ავტორიტეტთან

დამირ კირცხალია საკუთარი სახლის კართან იდგა, როდესაც ცეცხლი გაუხსნეს. ფიროსმანის ქუჩაზე მოძრავი შავი ფერის ავტომობილიდან 54 წლის მამაკაცს 4 ჯერ ესროლეს. კირცხალიას ტყვია ფეხში, ხელში და ბეჭში მოხვდა.

ადგილობრივებმა ფიროსმანის ქუჩაზე დღეს მომხდარის დეტალები გაიხსენეს. თვითმხილველების თქმით, ჯერ გასროლა გაიგეს, დაინახეს როგორ დაეცა დაჭრილი კირცხალია მიწაზე. თქვეს ისიც, რომ ავტომობილი, საიდანაც 54 წლის მამაკაცს ესროლეს ადგილიდან გაქცევის დროს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეჯახა.

ტყვია მოხვდა ფიროსმანის ქუჩაზე გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილსაც. სროლის დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა მფლობელი ადგილზე გამოკიდეს, ავტომობილი ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაათვალიერეს და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად დალუქეს.

რა მოტივით გაუსწორდნენ ფიზიკურად კირცხალიას, ოფიციალურად ცნობილი ჯერ არ არის. გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. "კურიერის" ინფორმაციით, კირცხალიას და დანაშაულის ჩამდენ პირს, სროლამდე რამდენიმე დღით ადრე, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი ჰქონდათ.

დამირ კირცხალია ფიროსმანის 6 ნომერში ოჯახთან ერთად წლებია ცხოვრობს. "კურიერის" ინფორმაციით, ის ნასამართლევია. 54 წლის მამაკაცის სახელი და გვარი წლების წინ ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, მაშინ სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გამოძალვის და ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დააკავეს. მათ შორის იყო დამირ კირცხალიაც. გავრცელებული ინფორმაციით, ის თანამზრახველებთან ერთად, კრიმინალური ავტორიტეტის დავით ქარსელაძის, იგივე "კალატოზას" მითითებით მოქმედებდა.

დაჭრილი დამირ კირცხალია ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ექიმის განმარტებით, პაციენტს ქირურგიული ჩარევა არ დასჭრიდა და მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.

ფიროსმანის 6 ნომერში სამართალდამცველები რამდენადმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოიკითხნენ მოწმეები, სავარაუდოდ პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ამოუღო. "კურიერის" ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირიც და მის დასაკავებლად აქტიური სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. დამირ კირცხალიას დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები