საქართველოს ეროვნული გალერეადან ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები დანიაში მიემგზავრება. ”ჟირაფი” , ”მეთევზე”, ”აქტრისა მარგარიტა” - ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ყველა ის ნამუშევარი გამოიფინება, რომლითაც ნიკო ფიროსმანიშვილი მსოფლიომ შეიყვარა. კოპენჰაგენში, ევროპელი დამთვალიერებელი ფიროსმანის 48 ტილოს იხილავს.
ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საგამოფენო სამზადისი მიმდინარეობს. ნამუშევრების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის, საქართველოს ბეილერის ფონდის სარესტავრაციო განყოფილების ხელმძღვანელი ეწვია. მარკუს გროსმა ფიროსმანის ნახატები ქართველ რესტავრატორებთან ერთად დეტალურად შეამოწმა. ნახატები სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად შეიფუთა, საქართველოდან დანიაში კი უსაფრთხოდ ჩავიდა.
კოპენჰაგენის ქუჩებში უკვე გამოჩნდა ფიროსმანის ”ჟირაფი”, რომელიც დამთვალიერებელს, მასშტაბურ გამოფენაზე ეპატიჟება. დანიის შემდეგ შვეიცარია - ნიკო ფიროსმანის ევროპული ტურნე 4 მაისიდან იწყება.
ფიროსმანი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუზეუმში გამოიფინებოდა, 2022 წელს გადაწყდა. საქართველოს კულტურის სამინისტოს, ეროვნული მუზეუმის და ინფინიტ არტის ორგანიზებით, ლუიზიანას მუზეუმი ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას 20 აგვისტომდე უმასპინძლებს.