26 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
27 ქვეყნის დემარში და ინტერპრეტაციები, რომელიც დიპლომატიური აქტის გადაცემის პროცედურას მოჰყვა - რაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრმა და ორმა ელჩმა

რა გზავნილი მიიღო დიპლომატებისგან იუსტიციის მინისტრმა - რატი ბრეგაძემ დღეს სოციალურ ქსელში ორჯერ და დღის ბოლოს სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ელჩებთან სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

იუსტიციის მინისტრთან ვიზიტზე დღეს შეხვედრის მონაწილე შვედეთის ელჩმაც ისაუბრა. შვედი დიპლომატი არ აკონკრეტებს იყო თუ არა საუბარი ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამბობს, მხოლოდ იმას, რომ დემარში ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოსთან შეთანხმებული იყო.

შეხვედრას არ დასწრებია, თუმცა გიული ალასანია ამტკიცებს, რომ დიპლომატებმა სპეციალური ტექსტი მოამზადეს და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის სახელით მინისტრს გადასცეს. მთავარი მოთხოვნა კი მისივე მტკიცებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას უკავშირდებოდა.

დიპლომატებთან დამატებითი კომუნიკაციისთვის მზად არიან მმართველ პარტიაში. არჩილ თალაკვაძემ დღეს სააკაშვილის მმართველობა და ციხეებში არსებული მდგომარეობა გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ არცერთ საკითხზე დიპლომატიური დემარში არ ახსოვს.

იყო თუ არა დიპლომატების მთავარი გზავნილი სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა ვერ ადასტურებენ ვერც "ნაციონალურ მოძრაობაში". მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები მხოლოდ იმაში არიან დარწმუნებული, რომ ექსპრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანა აუცილებელია. ასახელებენ კონკრეტულ სახელმწიფოსაც, რომელიც მსჯავრდებული პაციენტის მიღებისთვის მზადაა.

მიხეილ სააკაშვილს თვითდაზიანებაზე უარის თქმისკენ სახელისუფლებო გუნდმა კიდევ ერთხელ მოუწოდა. "ქართულ ოცნებაში" აქცენტს ისევ იმაზე აკეთებენ, რომ მსჯავრდებული პატიმარი ხელოვნურად უშლის ხელს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და მისი ლობისტები ცდილობენ საზოგადოებას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არასწორი ინფორმაცია ჰქონდეთ.

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასჯელს უკვე 9 თვეზე მეტია "ვივამედის" კლინიკაში, ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იხდის.

დღის ამბები