26 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
გამოძიების მოთხოვნა 2008 წლის ომიდან 15 წლის შემდეგ - ვის აკისრებს პასუხისმგებლობას "ევროპელი სოციალისტები" და რას ამბობენ მმართველ გუნდში

"ევროპელი სოციალისტები" პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. ფრიდონ ინჯია ყოფილ ხელისუფლებას საომარი მოქმედებების დაწყებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა ომისთვის მზადება ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. "ევროპელი სოციალისტების" ლიდერი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა. დღევანდელ ბრიფინგზე ინჯიამ მმართველ გუნდსაც მიმართა, თუ რატომ არ მსჯელობს "ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე კონსულტაციების დაწყებას ელოდება "ხალხის ძალაც". ისინი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს, მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრებს კი წარსულს უხსენებენ.

ფრიდონ ინჯიას განცხადებას მალევე უპასუხეს მმართველ გუნდშიც. რატომ იმოქმედეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ - რატომ ჩაიდინეს მოღალატეობრივი ქმედებები და რა იყო ამის მოტივაცია - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ “როცა სხვადასხვა მხრიდან - კულისებიდან თუ ღიად - ომის მოწოდებები ისმის, დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მნიშვნელოვანია.

აგვისტოს ომის თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა უსაფუძვლოდ მიაჩნიათ ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში. ამბობენ, რომ 2008 წლის ომს ერთადერთი დამნაშავე ჰყავს, რომლის სახელი და გვარი, მათი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ იცის. ომის თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერც სხვა ოპოზიციური ნაწილი ხედავს.

შეიქმნება თუ არა საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისია - ამ საკითხზე მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ის პოლიტიკური გუნდია, რომელმაც 2008 წლის ომში ქართველი ჯარისკაცების სიმართლე საერთაშორისო სასამართლოებში უკვე დაამტკიცა.

საგამოძიებო კომისიის დასარეგისტრირებლად 51 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

დღის ამბები