26 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტების განხილვა 2 მარტს დაიწყება - პრეზიდენტმა ვეტო დაანონსა, შეშფოთება გამოითქვა სახელმწიფო დეპარტამენტშიც

პრეზიდენტმა ვეტო დაანონსა. სალომე ზურაბიშვილს მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ მოსწონს.

საზოგადოებრივ მოძრაობა "ხალხის ძალაში" ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ძალიან ჩქარობს, რადგან ამ დრომდე საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაც არც კი დაწყებულა. კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებამდე, ხანგრძლივი პროცესია, იქამდე კი, ავტორების განცხადებით, შესაძლებელია პროექტებში გარკვეული ცვლილებებიც შევიდეს.

ვეტოს შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე იმ მოტივირებულ შენიშვნებს დაელოდება, რომლის საფუძველზე პრეზიდენტი საკუთარი დისკრეციის გამოყენებას გადაწყვეტს. შალვა პაპუაშვილი მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტების ირგვლივ შექმნილ სპეკულაციურ ველზე ამახვილებს ყურადღებას.

საკანონმდებლო განხილვები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა დღეს კანონპროექტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს სახელმწიფო დეპარტამენტშიც. პრესპიკერმა ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებულმა კანონმა შესაძლოა პოტენციურად შეარყიოს ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადების შინაარსს და პათოსს ეთანხმებიან საპარლამენტო ოპოზიციაში. დეპუტატები ამბობენ, რომ "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტების არა თუ დამტკიცება, არამედ განხილვაც კი, ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა.

მმართველი გუნდის წევრები ოპონენტებს კანონპროექტის შინაარსობრივ განხილვაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ გარკვეული ძალები ახლად ინიცირებულ საკანონმდებლო აქტებთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას. ვენეციის კომისიაში პროექტების გაგზავნა, სახელისუფლებო გუნდის ლიდერების შეფასებით, გონივრული გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ მეთოდით ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტების საკომიტეტო ფორმატში განხილვა ხუთშაბათს, 2 მარტს დაიწყება.

 

 

დღის ამბები