26 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ლევან იოსელიანი არის პროფესიონალი იურისტი, ძალიან კარგი ადვოკატი და უპატიოსნესი კაცი, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გაგვივლია უმრავლესობასთან მისი თემა - მამუკა მდინარაძე

რა პოზიცია აქვს მმართველ გუნდს სახალხო დამცველობის ახალ კანდიდატზე? - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საკითხზე უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ, თუმცა დღეს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის მიმართ იოსელიანის მიმართ პირადი სიმპათიები მმართველ პარტიაში არ დაუმალავთ.

"საინტერესო ინიციატივაა. ვნახოთ, განვიხილავთ უმრავლესობაში. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ყველანაირად თუ შევხედავთ - რაციონალურად, პოლიტიკურად პრაგმატულად, უმრავლესობა დაინტერესებულია, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლოს. ეს ჩვენი ამოცანა და ინტერესია, ამიტომ იყო, რომ ყველანაირად ვცდილობდით, ოპოზიციისთვის შეგვეთავაზებინა ფორმატი, სადაც იგრძნობდნენ, რომ მონაწილენი არიან და ჩვენც თანაბრად მონაწილენი ვიქნებოდით. პოლიტიკოსია და ეს თავისთავად პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს. ამიტომ ვიმსჯელებთ," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე იოსელიანის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ უმრავლესობა ამ საკითხს განიხილავს.

"მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გარკვეული კონსულტაციები ლიდერების დონეზე ნამდვილად იყო, თუმცა ჩვენ უმრავლესობასთან ეს თემა არ გაგვივლია. ჩვენ დავუფიქსირეთ კეთილგანწყობა და ახლაც მინდა დავაფიქსირო, მე ძალიან დიდი ხანია ლევანს ვიცნობ, არის პროფესიონალი იურისტი, არის ძალიან კარგი ადვოკატი და არის უპატიოსნესი კაცი, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გაგვივლია უმრავლესობასთან მისი თემა. შესაძლებელია არ იყოს უმრავლესობაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება, მით უმეტეს, რომ იყო აზრი ჩვენთან, პოლიტიკურად მიკერძოება იყო კანდიდატობის გამომრიცხველი გარემოება, ამიტომ ცალსახად და გადაჭრით მე რომ დავაფიქსირო, უმრავლესობა ამაზე დათანხმდება, ამას დღეს ვერ შევძლებ," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეები" სახალხო დამცველობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ- ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს წარადგენს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ იოსელიანს აქვს რესურსი, პარლამენტში 90 მხარდამჭერი ხმა მიიღოს.

დღის ამბები