26 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა აშშ-ს მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით - სახელმწიფო დეპარტამენტი

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეროვნული მართვისა და კონტროლის გასაუმჯობესებლად, საქართველომ დაიწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა სასაზღვრო უსაფრთხოების სექტორების დასაკავშირებლად რეგიონულ და ეროვნულ მაკონტროლებელ ცენტრებთან, შექმნა ტექნიკური მომსახურების ცენტრი მობილური დაკვირვების ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვის.

ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) გამოვლენისა და დეკონტამინაციის მოწყობილობებით აღჭურვა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქბრბ დანაყოფები, მასობრივი განადგურების იარაღის მასალების გავრცელებისა და მათი გამოყენების რისკებსა და საფრთხეებზე რეაგირების მიზნით.

აქვე ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველო 2021 წელს მონაწილეობდა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ ერთობლივად განხორციელებულ „კონტეინერების კონტროლის პროგრამაში“ და დისლოცირებული ჰყავს სამოქმედო ჯგუფები უკანონო ტვირთების იდენტიფიცირებისთვის.

„ივლისში საქართველომ მიიღო მთავრობის დადგენილება ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების, დამუშავების, წაშლის, მოპოვებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ. ხოლო სასაზღვრო საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ახორციელებენ პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებას მონაცემთა ბაზებში, მათ შორის, ინტერპოლის მონაცემთა ბაზებში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის (CIFG) წევრი. საქართველოს ფინანსური დაზვერვის დანაყოფი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, არის ეგმონტ ჯგუფის (Egmont Group) წევრი“,- აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს იმაზეც, რომ 30 მარტს საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილებები საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი მოქმედების ძალას იძენს.

აქამდე, ასეთი პირების მიმართ სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება მოითხოვდა საქართველოს სასამართლოში განხილვას.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში საქართველო კვლავინდებურად განაგრძობდა უმცირესობათა ინტეგრაციაზე, განათლებაზე, მედიასთან წვდომაზე, ახალგაზრდებსა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე ორიენტირებულ ძალისხმევას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებზე საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან, გაეროსთან, ევროპის საბჭოსთან, ევროპის კავშირთან, ეუთოსთან, ინტერპოლთან, ასევე, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციასთან. 2021 წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო გაეროს, ევროპის კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებსა და კონფერენციებში, მათ შორის, ივნისში გაეროს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის მეორე კონფერენციაში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტისა და კონტრტერორისტული მიმართულებით ევროპის საბჭოს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში“,- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დღის ამბები