26 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
ხმაური ადამიანის უფლებათა და განათლების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე - დეპუტატებს შორის დაპირისპირება "თავდაცვის კოდექსმა" გამოიწვია
დღეს, ხმაური იყო ადამიანის უფლებათა და განათლების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. დეპუტატებს შორის დაპირისპირება "თავდაცვის კოდექსმა" გამოიწვია. განსაკუთრებული ხმაური "გირჩის" აპარატის თანამშრომლის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს მონობა უწოდა და აღიარა რომ "ბიბლიურ თავისუფლებაში" მუშაობისას ის ჯარიდან თავის დაღწევაში 20 000-მდე ახალგაზრდას დაეხმარა. იმავე პოზიციაზე იყო იაგო ხვიჩიაც.

სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თამარ ჩარკვიანიც. სიტყვა მონობა გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემაც და კოლეგებს კორექტულობისკენ მოუწოდა.

ამით დაპირისპირება არ დასრულებულა. მოგვიანებით კომიტეტზე შეხლა-შემოხლა დაიწყო იაგო ხვიჩიასა და ვლადიმერ ჩაჩიბაიას შორის, რომელთაც შუაში მანდატური ჩაუდგა, რის გამოც სხდომის შეჩერებაც გახდა საჭირო. 
 
"თავდაცვის ახალი კოდექსით" სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს და ის ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება. 
 
პროექტის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, რეზერვისტების და წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად თავდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.
დღის ამბები