ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ გიული ალასანიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში არ უმჯობესდება. ალასანიასთვის მიუღებელი აღმოჩნდა "ვივამედის" მედიკოსის განცხადებაც და შვილის მკურნალ ექიმს პროფესიულ კეთილსინდისიერებაზეც მიანიშნა.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესაძლო გართულების პროგნოზი აქვთ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებსაც. დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში წერენ, რომ 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი უკვე საწოლს მიეჯაჭვება.
სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების პროგნოზი რომ შესაძლოა გამართლდეს, ამაზე "ვივამედის" მედიკოსებიც საუბრობენ. სააკაშვილის მკურნალი ექიმის განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს, რის გამოც წონაში მკვეთრად დაიკლო. თამარ დავარაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლასაც ნანობს და მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. მედიკოსი ინტერვიუში პაციენტის რეანიმაციაში შესაძლო გადაყვანაზეც საუბრობდა.
ექიმის შეფასება დაუჯერებელი და მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლებისთვის. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ სააკაშვილი ვერ იკვებება. ოპოზიციონერების თქმით, აუცილებელია, ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ, რადგან აქ მას საფრთხე ემუქრება.
საპასუხო ბრალდებები აქვთ "ქართულ ოცნებაშიც". მმართველი გუნდის ლიდერების შეფასებით, წონაში კლება მიხეილ სააკაშვილის თვითმიზანია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ყოველი მცდელობა ციხეს თავი დააღწიოს, განწირულია.
პატიმარი პაციენტის შესახებ მორიგი წერილი დილიდან გაავრცელა "ხალხის ძალამაც", მოგვიანებით კი განმარტებები პარლამენტში გაკეთდა.
მიხეილ სააკაშვილი ვივამედში ნახევარ წელზე მეტია მკურნალობს. ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში სამკურნალოდ გორის ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს.