26 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ე.წ. აგენტების კანონის ინიცირება მაშინ, როდესაც ევროკომისიამ კანონმდებლობა დადებითად შეგვიფასა, არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი - ნათია მეზვრიშვილი

"ხალხის ძალის" მიერ მომზადებული "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, თუმცა ცვლილებები არ გავრცელდება დიპლომატებზე და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. "ხალხის ძალის" ინიცირებულ კანონპროექტზე "ღრმა შეშფოთებას" გამოთქვამს გაერო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამ კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში".

გაერო მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და ჩაატაროს ფართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს.

საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით შეშფოთებულები არიან ოპოზიციაშიც. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ "ხალხის ძალის მიერ დაინიცირებული კანონპროექტის ორივე ვერსია არის რუსული ვარიანტი.

"ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებული ამ კანონპროექტის ორივე ვარიანტი, არის რუსული ვარიანტი. პირველი ვარიანტიც მეორე ვარიანტიც და ეს არის რუსული კანონპროექტის ის ძალიან სერიოზული შინაარსის ქაღალდი, რომელიც პირდაპირ დესტრუქციას უწყობს ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციას და გარდა ამისა, სპობს ყველანაირ სივრცეს, არასამთავრობო სექტორისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

ამასთან, პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, რომ "ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებული კანონპროექტი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. 

"ე.წ. აგენტების კანონის ინიცირება მაშინ, როდესაც ევროკომისიამ კანონმდებლობა დადებითად შეგვიფასა და საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.

მსგავს კანონზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა უკვე არაერთხელ თქვეს, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. "გამჭვირვალობა" გამოგონილი მიზეზია. გამჭვირვალობის ვალდებულება ისედაც არსებობს,"-ნათია მეზვრიშვილი.

რაც შეეხება "ხალხის ძალის" პოზიციას, კანონპროექტის შემქმნელები დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ.

დღის ამბები