26 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ - ოპოზიციის ნაწილი მესამე სექტორის საქმიანობის შეზღუდვის რისკებს ხედავს

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა, თუმცა იდეა უკვე განხილვის საგანია. ოპოზიციისთვის იდეა მიუღებელია. პარტიების ნაწილი მესამე სექტორის საქმიანობის შეზღუდვის რისკებს ხედავს.

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი კანონის მიღება ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.

"მივიჩნევ, რომ ზოგადად, ეს მიმართულება, თუ - ასეთი კანონპროექტი, ძალიან დამაზიანებელია, იმიტომ რომ არაფერში არ გვჭირდება. 25 ათასი ლარი იქნება ჯარიმა თუ 5-წლიანი პატიმრობა, ამ შემთხვევაში, არაფერს შინაარსობრივად არ ცვლის, იმიტომ რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციის დახურვა გინდა, მაგალითად, შეგიძლია 100-ჯერ გამოუწერო 25-ათასიანი ჯარიმა, რუსეთში ეს გააკეთეს და ასე დახურეს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია.

მე იმედი მაქვს, რომ უბრალოდ, ამ კანონს არ მიიღებენ, იმიტომ რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რატომ უნდა იყოს მიღებული და თუ მართლა არ უნდათ შეგნებულად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ევროინტეგრაციის პროცესი - ამ კანონს არ მიიღებენ," - აცხადებს რაქვიაშვილი.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური მიიჩნევს რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტთან დაკავშირებით გამჭვირვალობაზე საუბარი მოსახლეობის მოტყუების მცდელობაა.

"ტყუილია, როდესაც მთავრობა ამბობს, რომ გამჭვირვალობის მიღწევა არის მიზანი, ეს არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი, მიზანმიმართული მოტყუება ჩვენი საზოგადოების. ერთადერთი მიზანი აქვს ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას, ეს არის საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის. ძალიან კარგად ესმით ამ ადამიანებს, რომ დიახ, ეს არის რისკის შემქმნელი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში, რა პროცესშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა. ჩვენი გუნდი აპირებს, რომ ამ ბუღალტერიაში ხელისუფლებას არ შეყვეს," - აცხადებს ბუჩუკური.

დღის ამბები