უკრაინაში ომის მეორე წლის ათვლა დაიწყო. იერიშები განხორციელდა კრამატორსკსა და ავდივკაზე. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოლქზე თავდასხმებს 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაიჭრა 4 ადამიანი. 40-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 3 დასახლება. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის, განმავლობაში 71 თავდასხმა მოიგერიეს უკრაინის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ ნაწილში.
უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველას, ვინ აფასებს თავისუფლებასა და საერთაშორისო წესრიგს.
"მეათე პაკეტში არის ძლიერი ახალი სასანქციო ნაბიჯები თავდაცვის მრეწველობის, ტერორისტი სახელმწიფოს საფინანსო სექტორის, პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებმაც სიცრუეში ჩაახრჩეს რუსული საზოგადოება და ცდილობენ, თავიანთი ტყუილი მთელ მსოფლიოში გაავრცელონ. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ. უკრაინელი დიპლომატები და მთელი სახელმწიფო მუშაობს იმისათვის, რომ გლობალური და კერძოდ, ევროპული სანქციები გავრცელდეს რუსეთის ატომურ ინდუსტრიაზე, მათზე, ვისაც შეხება აქვს რუსეთის სარაკეტო პროგრამასთან და ბირთვულ შანტაჟთან.
პარტნიორებმა - შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა - უკვე გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები. ველით შესაბამის ნაბიჯებს ევროკავშირისგან. ჩვენს რეზოლუციას, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო, ძალიან კარგი დიპლომატიური იმპულსი ჰქონდა. მადლობას გადავუხდი 141 სახელმწიფოს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს რეზოლუციას. მადლობას გადავუხდი ყველა სახელმწიფოს ლიდერს და ყველა ერს, ვინც უკრაინასთან ერთად აფასებს თავისუფლებასა და საერთაშორისო წესრიგს,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.